“ყრილობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო”-ირაკლი კობახიძე

ძალიან პოზიტიური გზავნილები იყო ყრილობაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ყველა ლიდერი ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრობდა და ამ კონტექსტში იყო საქართველო მოხსენიებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის ის პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ეს მხარდაჭერა და განცხადებები აგვავსებს ოპტიმიზმით, რომ საქართველო ძალიან მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობს „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.