„ჯორჯიან თაიმსის“ ექსკლუზიური ინტერვიუ უცხოეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან

„ჯორჯიან თაიმსის“ ექსკლუზიური ინტერვიუ უცხოეთში მცხოვრებ ცნობილ ქართველ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან

ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს, რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული „როსნეფტის“ 81 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს. სანქცირებული ტვირთის მიმღებად აღნიშნული ორგანიზაცია კომპანია “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ასახელებს, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მყოფი “პეტროკას ენერჯი ჯგუფის”-ის საკუთრებაშია.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა შემოსავლების სამსახური და ანტიკორუფციული მოძრაობის განცხადებას “დეზინფორმაცია” უწოდა. აღსანიშნავია, რომ გაჟღერდა „პეტროკასის“ დამფუძნებლების, ევროპაში მცხოვრები ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის და მისი პარტნიორის, ბიზნესმენ ივანე ნაკაიძის გვარები. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ხდება რეალურად, სად არის დღეს დავით იაკობაშვილი და რა სახის კავშირები აქვს მას კომპანია „პეტროკასთან“. 

შესაბამისი მასალების მოძიების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის 2022 წლის აპრილიდან აღარ იღებს მონაწილეობას მართვაში და ამ ეტაპზე კომპანიაში ფლობს მინორიტარულ წილს. ამის შემდეგ, „ჯორჯიან თაიმსმა“ მოახერხა უცხოეთში დაჰკავშირებოდა ქართველ ბიზნესმენს და მას პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„ჯორჯიან თაიმსი“: ბატონო დავით, მოგესალმებით. საქართველოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთიდან საქართველოში სანქცირებული „როსნეფტის“ 81 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს. სანქცირებული ტვირთის მიმღებად, აღნიშნული ორგანიზაცია, კომპანია “სან პეტროლიუმ ჯორჯიას” ასახელებს, რომელიც უკრაინის მთავრობის მიერ დასასანქცირებელთა სიაში მყოფი “პეტროკას ენერჯი ჯგუფის” საკუთრებაშია. რა როლი გაქვთ თქვენ ამ კომპანიაში დღეს?

დავით იაკობაშვილი: გეტყვით როგორ იყო. 2014 წელს, მე როცა მქონდა წილის 78 პროცენტი, მაშინ შემოვიდა „როსნეფტი“ 49 პროცენტით და ჩემი წილი განახევრდა, ანუ გახდა 39 პროცენტი. თუმცა მე მაინც ვიყავი დირექტორთა საბჭოში თავმჯდომარედ და მონაწილეობას ვიღებდი კომპანიაში.

„ჯორჯიან თაიმსი“: ბატონო დავით, თქვენს გვარს ასახელებენ, თითქოს თქვენ დგახართ ისევ „პეტროსკას“ უკან…

დავით იაკობაშვილი: არა, არა, მე უკვე გამოვედი დირექტორთა საბჭოდან. მე ვარ შვედეთის მოქალაქე და გამოვედი იმიტომ, რომ მითხრეს, თუ კომპანია რუსული საქონლის ვაჭრობით არის დაკავებული, უნდა გამოვსულიყავი. ამის შემდეგ, არსებობდა გეგმა, რომ კომპანიას შეესყიდა „როსნეფტის“ 49 პროცენტი, თუმცა ის შეიძინა ვანო ნაკაიძის მიერ შექმნილმა ახალმა კომპანიამ და მე ამის შესახებ სხვადასხვა მასმედიის საშუალებით შევიტყვე. ასე რომ, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მე არ ვიმყოფები უფლებამოსილი პირი, რომ მივიღო რამე მონაწილეობა, ან რაიმე სახის გადაწყვეტილება კომპანიის მართვაში.

„ჯორჯიან თაიმსი“: რატომ მოხდა „როსნეფტის“ წილის გაყიდვა? ომის დაწყების შემდეგ გარკვეული რუსული კომპანიების მიმართ სანქციების დაწესების გამო?

დავით იაკობაშვილი:  რუსეთი, როგორც სანქციების ქვეშ მყოფი, რუსული კომპანია „როსნეფტი“ უნდა გასულიყო და ამით რეალურად „როსნეფტთან“ კავშირები დასრულდა.

„ჯორჯიან თაიმსი“: ბატონო დავით, როგორც მახსოვს, თქვენ ადრეც გააკეთეთ განცხადება, რომ „პეტროკასის“ მართვაში აღარ ხართ. რატომ ჟღერდება მაინც თქვენი გვარი?

დავით იაკობაშვილი: რეალურად, მე კომპანიის მართვაში და მენეჯმენტში მონაწილეობას არ ვიღებ და ეს უკვე არაერთხელ იყო ნათქვამი. გემი რომ იყო შემოსული, ცნობილი ამბავია, იქიდან დაწყებული, რამდენჯერმე გამოქვეყნდა ჩემ შესახებ, რომ ფაქტობრივად, მე არც მაშინ ვიცოდი რა ხდებოდა კომპანიაში და არც ახლა ვიცი. იცით რატომ? იმიტომ, რომ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს რა ხდება, რა საქმიანობას ეწევა ეს კომპანია და ასე შემდეგ.

„ჯორჯიან თაიმსი“: მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ გარკვეული გაუგებრობები გაქვთ თქვენს პარტნიორებთან „პეტროკასში“. ასეა?

დავით იაკობაშვილი: დიახ, არის ასეთი რამ, მაგრამ მე ახლა არ მინდა ამაზე აპელირება და არ მინდა ამაზე საუბარი. ეს არაფერი… ეს დავივიწყოთ, მაგრამ დღე და ღამე ჩემი სახელი ფიგურირებს, რომ თითქოს ეს ჩემი კომპანიაა, რაც აბსურდია და არ შეესაბამება სიმართლეს. დღევანდელ დღეს რეალობა ასეთია, გარწმუნებთ! შესაძლოა, მომავალში რაღაც ნამდვილად გავაკეთო და რაღაც ცვლილებები მოხდეს, მაგრამ დღეს, მე არ მაქვს „პეტროკასში“ არც უფლებები და არც პასუხისმგებლობა

„ჯორჯიან თაიმსი“: გასაგებია. ახლა რა ბიზნესით ხართ დაკავებული უცხოეთში?

დავით იაკობაშვილი: დღეს, მე და ჩემს ვაჟს ვენტსპილსში გვაქვს ერთი ქარხანა. ვაკეთებთ PET Recycling-ს, იცით ალბათ. ეს არის დღეს განვითარებული, ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია. 15 ქარხნის გახსნა მინდა. მეორე ქარხანა ახლა იხსნება ვენაში, მერე ნიუ-იორკში…

„ჯორჯიან თაიმსი“: საქართველოშიც ხომ არ გახსნიდით ქარხანას? არ გიფიქრიათ?

დავით იაკობაშვილი: მაქვს სურვილი, როგორ არ მაქვს. ჩემი ბიჭები იყვნენ კიდეც ჩამოსულები თბილისში. სამწუხაროდ, ნედლეულის პრობლემაა, არ არის ნედლეული. ყველაზე მოცულობითი, დიდი რაოდენობის ნედლეული არის თურქეთში. დღეისათვის, Recycling-ის შეფუთვა არის უფრო ძვირი და ძვირფასი, ვიდრე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებისთვის. მე კარგი კონტაქტები მაქვს მსხვილ კომპანიებთან. „პეპსისთან“, „კოკა-კოლასთან“  რიგი დგას, რომ აიღონ ეს პროდუქტი. მეორე რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის ე.წ. Fertilizer-ი. ეს არის ბაქტერია, რომელიც ცვლის ბევრ ქიმიურ პროდუქტს და სამჯერ ნაკლები ჯდება, ძალიან ეხმარება ბიზნესს და სოფლის მეურნეობას.

„ჯორჯიან თაიმსი“: არც ამ მიმართულებით გამოვა ინვესტიცია საქართველოში?

დავით იაკობაშვილი: კი, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომ მოვამარაგოთ საქართველოც ამ პროდუქტით, რადგან ეს ძალიან გამოსადეგია სოფლის მეურნეობისთვის. როგორც გითხარით სამჯერ ნაკლები ჯდება და ეფექტურიცაა.

„ჯორჯიან თაიმსი“: დარწმუნებული ვარ, როგორც საკმაოდ შეძლებული და გამოცდილი ბიზნესმენი, ხშირად ფიქრობთ ხოლმე რა სახის ინვესტიციები განახორციელოთ საქართველოში… იმედი მაქვს მომავალში ეს ასეც იქნება…

დავით იაკობაშვილი: მე ყოველთვის მოწადინებული ვარ და ვიქნები იმისთვის, რომ  სიკეთით ვემსახურო ჩემს საქართველოს!!! დიდი მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა გამომეხატა და დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.