“კახა კალაძე უნდა გადადგესო! რატომ? ვიღაცის შეცდომა ან საბოტაჟი მხოლოდ მის ტვირთად უნდა ვაქციოთ?”- ზედელაშვილი

არა, ამის უფლებას არ მოგცემთ!“ – ასე მიმართავს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი პოლიტიკოსების იმ ნაწილს, რომლებიც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო თბილისის მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვენ.

ზედელაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძის “ჩაქოლვის” უფლებას არავის მისცემს არა იმიტომ, რომ კალაძეს მხარს უჭერს, რამედ იმიტომ, რომ მერი უდანაშაულოა.

„რაც მოხდა, დიდი ტრაგედიაა, უმანკო ბავშვი გაგვიფრინდა, მაგრამ ამ ადამიანს ვერ ჩაგაქოლვინებთ! დიახ, ვერ ჩაგაქოლვინებთ არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვსურს… არა, ის უბრალოდ უდანაშაულოა!

ვის, ვის და სწორედ კახა კალაძეს ვერ ასწავლის ვერავინ, რას ნიშნავს ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, გამოტირება და მთელი ცხოვრების განმავლობაში გლოვა! ახლა არ მოვყვები, ვის რა ეხებოდა, ვინ რა არ გააკეთა, ვინ რა შეცდომა დაუშვა, არ ვარ ყოვლისმცოდნე ნათელმხილველი…

თუმცა დარწმუნებით ვიცი, ამ შემთხვევაში კომპრომისი არ იქნება – ყველა თავისას მიიღებს! სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, ეს იყოს განგებ გაჩალიჩებული საბოტაჟი… ჩვენ ძალიან ცხელ შემოდგომას გვპირდებოდნენ, მაგრამ გეგმა ჩაუვარდათ. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ სადაც ,,ნაციონალები” არიან, იქ ყოველთვის საშიში სიტუაციაა… აღარ ვამბობ, სადაც ეგენი არიან, იქვე სიკვდილია-მეთქი.

ვხედავთ, როგორ წამოავლო ქვებს ხელი ერთმა დაინტერესებულმა მხარემ და როგორ გაჩაღდა ჩაქოლვის კამპანია კალაძის წინააღმდეგ. უკაცრავად! ეგრე არ გამოვა, უფლებას არ მოგცემთ, ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი გადააყენოთ, ჩამოწეროთ და გაანადგუროთ.

დრო იხელთეთ და გამოყენება გინდათ? მიგიხვდით მზაკვრობას! ტრაგედიის დღესვე გინდოდათ ტემპერატურის აწევა და ამიტომაც გაცვივდით რუსთაველზე ყალბი ცრემლების ღვარღვარით? ამასაც მიგიხვდით! ქართველი ხალხი ამ სიყალბეში არ და ვერ აგყვებათ! ახლა რომ აამუშავებთ სიცრუის მანქანებს და ათასნაირ სისულელეს გაავრცელებთ, ესეც ვიცით, ამას დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება!

კახა კალაძე უნდა გადადგესო! რატომ? ვიღაცის შეცდომა ან საბოტაჟი მხოლოდ მის ტვირთად უნდა ვაქციოთ?! არა, პირიქით, მან უნდა გააგრძელოს საქმიანობა გაათმაგებული ენერგიით, საერთოდ დაშალოს თბილისის მერია და ხელახლა ააწყოს – ვაღიაროთ, ბევრი მავნებელია იქ შეპარული!“- წერს გელა ზედელაშვილი და კალაძის წინააღმდეგ პიარკამპანიის აგორების მსურველებს შეახსენებს, რომ ასეთი მეთოდებით რევოლუციის მოხდენა შეუძლებელია და არ გამოუვათ.

„ასე რომ… დაალაგეთ ქვები და დაბრუნდით სახლებში… არ გეუბნებით, წაეთრიეთ სახლებში-მეთქი. ასეთი ვირეშმაკობებით ვერც ცხელ შემოდგომას მოიყვანთ, ვერც რევოლუციას “მოახდენთ”! თქვენი ჩასაქოლი კახა კალაძე ჯერ არ დაბადებულა!“- წერს გელა ზედელაშვილი.

ცნობისათვის, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთი ბავშვი გარდაიცვალა. ფაქტს პოლიტიკოსების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. პოლიტიკოსთა და საზოგადოების ნაწილი თბილისის მერის, კახა კალაძის, ნაწილი კი მთლიანად მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.