“ჩვენ ჯერ სერიოზულად არაფერი დაგვიწყია” – პუტინი უკრაინაში ომზე

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს უკრაინაში სერიოზულად მოქმედება ჯერ არ დაუწყია და ომი შესაძლოა იქამდე გაგრძელდეს, სანამ ბრძოლის ველზე უკანასკნელი უკრაინელი არ დარჩება. ამის შესახებ პუტინმა სახელმწიფო დუმის ფრაქციების ლიდერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

“დღეს ჩვენ გვესმის, რომ მათ ჩვენი ბრძოლის ველზე დამარცხება უნდათ. ნუ, რა უნდა ვთქვა? დაე, სცადონ. ჩვენ გამუდმებით გვესმის, რომ დასავლეთს იქამდე უნდა ჩვენთან ომი, სანამ ბრძოლის ველზე უკანასკნელი უკრაინელი არ დარჩება. ეს ტრაგედიაა უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა, ეტყობა, ყველაფერი ამისკენ მიდის. მაგრამ, მინდა ყველას ესმოდეს, რომ ჩვენ იქ დიდწილად სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია. ამასთან ერთად, ჩვენ არ ვამბობთ უარს მშვიდობიან მოლაპარაკებებზე და ვინც უარს ამბობს, უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო გაიწელება, მით უფრო რთული იქნება ჩვენთან მოლაპარაკება”. – თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ დასავლეთს გამოუვიდა რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი აშშ-ს მიერ დამკვიდრებული მსოფლიო წესრიგის რღვევას იწვევს.

“თუ დასავლეთს სურდა კონფლიქტის პროვიცირება, რათა რუსეთთან ბრძოლა ახალ ეტაპზე გადასულიყო, მათ ეს გამოუვიდათ, თუმცა, ჯამში, ისინი მაინც დამარცხდნენ, რადგან უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციის დაწყება ნიშნავდა ასევე აშშ-ს მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას”. – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, დასავლეთმა იგნორირება გაუკეთა მნიშვნელოვან თემებზე დიალოგის დაწყების ყველა მცდელობას.

“ჩვენ უარი გვითხრეს ევროპაში თანაბარი უსაფრთხოების სისტემის შექმნის შეთავაზებაზე, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემაზე ერთობლივი მუშაობის ინიციატივები ასევე უარყოფილია. გაფრთხილებები NATO-ს გაფართოების მიუღებლობის შესახებ, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირი ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე, უგულებელყოფილია”. – თქვა პუტინმა.