თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ელისო კილაძეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 სასამართლოს გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს ჩამოერთმევა 30 ათასი დოლარი და ორი ავტომობილი.

 

სასამართლო პროცესები აქამდე დახურულ რეჟიმში იმართებოდა, თუმცა დღეს განაჩენი საჯაროდ გამოცხადდა.

 

ელისო კილაძემ სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

 

კილაძის თქმით, მისი დაკავება „არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუს-ის ყოფილი დირექტორი მამუკა მდინარაძეა, რომელსაც მხარს უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი გიორგი გვარაკიძე".

 

"ეს დადგმული სცენარი არ ეხება ჩემი საქმიანობის შესწავლას, „ქოლცენტრებთან“ ჩემს კავშირს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუს-ის ყოფილი დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია. თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური. [...]

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე. ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე! სიმართლე სინათლეა - ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!" -  აღნიშნა კილაძემ.

 

 ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძე მიმდინარე წლის 18 თენერვალს დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ფულის გათეთრებას და სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ოთარ ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი ბრალი. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.