თინათინ ნიბლოშვილი – არც ერთი ქალი არ უნდა დარჩეს მარტო ძალადობასთან, ვისაუბროთ იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ქალებს

არც ერთი ქალი არ უნდა დარჩეს მარტო ძალადობასთან, ვისაუბროთ იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ქალებს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება 16-დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

მისივე ინფორმაციით, მსოფლიოს 187 ქვეყანაში და საქართველოშიც არაერთი უწყებაა ჩართული ამ კამპანიაში და განსაკუთრებით გამოირჩევიან ისინი, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთათვის სერვისის მიმწოდებლები არიან.

„ფემიციდის აღმოფხვრის მიზნით, ერთიანდება კერძო სექტორი, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები და სტუდენტები. ფემიციდის გახშირებული ფაქტები ჩვენს ქვეყანაში მიუთითებს იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ, ვისაუბროთ და განვახორციელოთ ყველა პროგრესული რეფორმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ- გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, ყველა შესაძლებლობა, მით უფრო, რომ ქალთა გაძლიერება ჩვენი პოლიტიკური იდეოლოგიის ნაწილია.

არც ერთი ქალი არ უნდა გაჩუმდეს და მოითმინოს ძალადობა, რადგან დუმილი გამოსავალი არ არის. არც ერთი ქალი არ უნდა დარჩეს მარტო ამ პრობლემასთან. ვისაუბროთ იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ქალებს“,- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

როგორს საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გუშინ, 24 ნოემბერს, თბილისის ანძა ნარინჯისფერ ფერში განათდა. თინათინ ნიბლოშვილმა საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებს თხოვნით მიმართა გაიკეთონ ნარინჯისფერი სამაჯურები და შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას ქალზე ძალადობის წინააღმდეგ.