“თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და „მზიურის“ ტერიტორია 18 000 კვადრატული მეტრით გაზარდა”- ნიკოლოზ კახეთელიძე

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, ნიკოლოზ კახეთელიძის განცხადებით, ბავშვთა ქალაქ „მზიურისთვის“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და მესაკუთრეს, ადგილმონაცვლეობის გზით, 18000 კვადრატული მეტრი ჩაუნაცვლა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მსგავსი ადგილმონაცვლეობების შესახებ სხვადასხვა არეალებზეც მიმდინარეობს, რის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„თბილისის მერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრისგან ადგილმონაცვლეობის გზით 18000 კვადრატული მეტრით გაზარდა “მზიურის” ტერიტორია და ქალაქის ცენტრს შემატა მნიშვნელოვანი სარეკრეაციო არეალი. იქ, სადაც უნდა აშენებულიყო შენობა, ახლა მოეწყობა პარკი და ეს ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთივე ღონისძიებები მიმდინარეობს სხვა მიმართულებითაც, რის შესახებაც მომავალში გახდება ცნობილი. ამ და სხვა არეალების კეთილმოწყობა და განვითარება მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება“, – განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.