“ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა”- თამარ გაბუნია

კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდ.

„ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება. თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა ტიპის ვირუსია ცირკულაციაში. ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, თუ ბავშვს აქვს ტემპერატურის მატება მნიშვნელოვანია, რომ ის ოჯახის ექიმმა მართოს, დარჩეს ბინაზე და უმკურნალოს სიმპტომურად.

„უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ.

რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა რომ ეს მდგომარეობა გართულდეს, ძალიან დაბალია. ასევე, ყოველთვის მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტული წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვაქცინაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.