„დონალდ ტრამპი მორალურ იმბეცილს წარმოადგენს, თუმცა მისი „პატივცემული" მხარდამჭერ-ხელშემწყობები კიდევ უფრო სამარცხვინონი არიან - ძალაუფლებასთან მათი სიახლოვის წყურვილმა განაპირობა ის, რომ თითქოსდა პრინციპული კონსერვატორები საკუთარ პრინციპებს და ქვეყანას ღალატობენ" - ასეთი შთამბეჭდავი სათაური აქვს ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში" (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დომინიკ ლოუსონი (იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა გაზეთ Sunday Telegraph-ს და ჟურნალ Spectator-ს) აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გატარებულ საგარეოპოლიტიკურ კურსს უკრაინის მიმართ მკვეთრად ნეგატიურად აფასებს და იმავდროულად აკრიტიკებს დონალდ ტრამპის მხარდამჭერ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც თავიანთი ცვალებადი და ორაზროვანი ქცევით ფაქტიურად ხელს უწყობენ აშშ-ის პრეზიდენტის კიევის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხშირად კეთილგანწყობით მოიხსენიებს რუსეთს და აშკარად სიმპათიებს გამოხატავს თავისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის მიმართ. და იგი ამას აკეთებს იმ დაბომბვების ფონზე, რომლებსაც უკრაინისათვის ყოველდღიურად მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს. ამერიკელი ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას „კარგად ეპყრობა" და „ცუდს არაფერს აკეთებს", სინამდვილეში კი პირიქითაა. ამბობენ, თურმე დონალდ ტრამპი დათანხმებულა ილონ მასკის წინადადებას, რომ უკრაინისათვის თანამგზავრული კავშირის სისტემა „სტარლინკი" შეზღუდულიყო და როცა ამ ფაქტს ამომრჩევლებში (საზოგადოებაში) ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, პრეზიდენტმა მოარული ხმები საჩქაროდ უარყო და განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტთან მას არავითარი კავშირი არ აქვს.
და მაინც დონალდ ტრამპის მიერ გამოვლენილი თანმიმდევრული შემწყნარებლობა ვლადიმერ პუტინის მიმართ მაამებლურად იქნა მხარდაჭერილი რესპუბლიკური პარტიის წევრთა უმეტესობის მიერ კონგრესის ორივე პალატაში. არცერთ რესპუბლიკელს არ გამოუხატავს უთანხმოება - არაფერი რომ არ ვთქვათ კონგრესის წევრობიდან გადადგომაზე იმ პრეზიდენტის ქცევის გამო, რომელიც მათი პარტიის წარმომადგენელია.
თვით მარკო რუბიოც კი დღეს სხვაგვარად ლაპარაკობს. იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი იყო, იმ დროს შეუვალობას ამჟღავნებდა კრემლის მიმართ და აცხადებდა - „ვლადიმერ პუტინი დასავლეთის უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენსო" (მას „განგსტერს" უწოდებდა). გარდა ამისა, 2022 წლის დასასრულს მან ისიც აღნიშნა, რომ „ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ხალხი თავისუფლების წინა ხაზზე იბრძვიან. მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და მათი მხარდაჭერა პირდაპირ შედის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში". მან უკრაინელი ლიდერი შეაქო „საოცარი გმირობისა და მამაცობის გამოვლენისათვის აგრესორის წინააღმდეგ", მაგრამ...
გასულ კვირას მარკო რუბიომ საჭიროდ ჩათვალა საყვედური ეთქვა უკრაინის პრეზიდენტის მიმართ იმის გამო, რომ მან გაბედა და ვარაუდი გამოხატა - შესაძლოა აშშ-ის ადმინისტრაციას რაღაც კავშირი აქვს „სტარლინკის" ნაწილობრივ გამორთვასთანო. სკანდალური ფაქტია, როცა ის მაღალჩინოსანი რესპუბლიკელები, რომლებიც ადრე კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ახლა სრულიად საპირისპიროდ მოქმედებენ და მორჩილად მიჰყვებიან დონალდ ტრამპის კურსს რუსეთის მიმართ.
ეს ეხება აწ განსვენებულ სენატორ-რესპუბლიკელ ლინდსი გრემსაც, უკრაინისადმი ამერიკული დახმარების გაწევის ყველაზე გავლელიან მომხრეს. იგი პერმანენტულად ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე, რომ უკრაინისათვის შორი მოქმედების რაკეტები და ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინა და მიღებულიყო ისეთი კანონი, რომლის თანახმად, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა.
მაგრამ ოვალურ კაბინეტში 2025 წლის თებერვალში მომხდარი იმ სკანდალური ინციდენტის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი მკაცრად გააკრიტიკეს და ფაქტიურად, თეთრი სახლიდან გააძევეს, ლინდსი გრემმა სწორედ მაშინ განაცხადა: „მე არასოდეს ისეთი ამაყი არ ვყოფილვარ პრეზიდენტით, როგორც ახლა... არ ვიცი, შევძლებთ თუ არა კიდევ ოდესმე მასთან ურთიერთობას".
ორი კვირის წინათ დონალდ ტრამპმა დაარღვია კონგრესის მიერ მიღებული ანტირუსული სანქციების კანონი, რომლის შემუშავებაში ლინდსი გრემიც მონაწილეობდა - აშშ-ის პრეზიდენტი გაურიგდა თავის რუს კოლეგას რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის თაობაზე. სხვათა შორის, თვითონ „გრემის კანონშივეა" ჩადებული დებულება, რომ პრეზიდენტს მისი იურიდიული მოქმედების შეჩერება შეუძლია, „თუ ამას აშშ-ის ეროვნული ინტერესები მოითხოვს". დონალდ ტრამპმაც მშვენივრად ისარგებლა ამ შესაძლებლობით.
ლინდსი გრემი რომ ახლა ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, იგი მხარს დაუჭერდა დონალდ ტრამპის აბსურდულ მცდელობას ამერიკელი ამომრჩევლების დასარწმუნებლად იმაში, რომ სწორედ უკრაინული დრონების შეტევამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე გააძვირა აშშ-ში საწვავი და არა ირანის წინააღმდეგ პრეზიდენტის ნებით გამოცხადებულმა ომმა.
ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინას, დაგმო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთისაგან დიზელის საწვავის შესყიდვის თაობაზე. უკრაინაში ბორის ჯონსონს დიდ პატივს სცემენ - სწორედ ის იყო პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც უკრაინელებს თანამედროვე ლეტალური იარაღი მიაწოდა იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინმა თავისი ტანკები კიევისაკენ გაუშვა.... თუმცა იგივე ჯონსონი ასევე ცნობილია ტრამპისადმი გამოხატული ქება-დიდებითაც, თუმცა ყოველთვის ცნობილი იყო, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელ ბინადარს ვოლოდიმირ ზელენსკი არც მაშინ არ მოსწონდა და მისი სიმპათიები უფრო მეტად ვლადიმერ პუტინისაკენ იხრებოდა.
ალბათ, ბევრს ახსოვს პირველი შემთხვევა, 2025 წლის მარტის დასაწყისში, როცა თეთრმა სახლმა სანქცია გასცა უკრაინისთვის თანამგზავრული (კოსმოსური) დაზვერვის მონაცემები დროებით აღარ მიეწოდებინათ, რის შემდეგ რუსეთმა დაბომბვები გააძლიერა. იმ ხანებში მე დავწერე სტატია, რომელშიც შევეცადე ამეხსნა დონალდ ტრამპის მოქმედების მიზეზები და ვამბობდი, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ნაბიჯს განაპირობებდა მისი დიდი ხნის იმედი იმისა, რომ რუსეთში ბიზნესს განავითარებდა, თანხებს მიიღებდა და რომ მადლობელი პუტინი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მას უხვად დაასაჩუქრებდა.
ჩემი სტატია ზუსტად ამ სიტყვებით მთავრდებოდა: „სრულიად აშკარაა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საკუთარი კოლოსალური მოგების მიღების იმედით, ვლადიმერ პუტინთან თავის განსაკუთრებულ ურთიერთობას ფულად გადააქცევს".
ბორის ჯონსონმა იმავე დღეს ელფოსტით წერილი მომწერა: „თქვენმა სტატიამ დღეს დილით ფურორი მოახდინა. სხვათა შორის, მეც იგივეს ვფიქრობ უკვე საკმაო ხანია. აშკარად საქმე მართლაც ფულს ეხება. გულისამრევია ასეთი მოქმედება". თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ ცოტა მოგვიანებით, იმავე კვირაში ბორისმა თავის სტატიაში ტონი შეცვალა და სათაურით „მჯერა, რომ ტრამპი ყოველი თავისი დარტყმით პუტინს განგმირავს", დაწერა: „ვიცი, რომ სულის სიღრმეში დონალდ ტრამპს ნამდვილად სურს სუვერენული უკრაინის არსებობა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მე ყოველთვის ვიყავი ტრამპის პრეზიდენტობის მიმართ პოზიტიურად განწყობილი, სხვებისგან განსხვავებით, იმაში გამოიხატება, რომ მე პირადად ვთვლი - ტრამპს მოლაპარაკების დროს აქვს საკმარისი სიმტკიცე და აგრესია სასურველის მისაღწევად".
მართლაცდა, ბორის ჯონსონი იმ მცირერიცხოვანი ბრიტანელი პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა, რომელიც დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე მიიწვია. ყველაზე უჩვეულო იყო ის, რომ ინაუგურაცია ტარდებოდა კაპიტოლიუმის როტონდაში, ანუ იმავე ადგილზე, რომელსაც 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მიერ წაქეზებულმა ადამიანებმა შეუტიეს - თითქოსდა არჩევნები გაყალბდა და რესპუბლიკელთა კანდიდატს „ხმები მოპარეს". ამ ადამიანთან მთავარი სამიზნე იყო იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომლის „ჩამოხრჩობა" სურდათ - რატომ არ ბლოკავს არჩევნების შედეგების დამტკიცებასო. „მაიკ პენსი [ჩამოხრჩობას] მართლაც იმსახურებს", - უთქვამს დონალდ ტრამპს, როგორც მისი ყოფილი მრჩევლები ამბობენ.
ისევე როგორც უკრაინასთან მიმართებით, მაღალჩინოსანი რესპუბლიკელები მკვეთრად, 180 გრადუსით შეტრიალდნენ, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტად დაბრუნება სურდა. კერძოდ, რესპუბლიკური ფრაქციის დიდი ხნის ლიდერი სენატში მიტჩ მაკკონელი, რომელმაც ჟურნალისტთან ინტერვიუში ასე განაცხადა: „მოუწოდა რა აჯანყებისაკენ, ადამიანებმაც პირდაპირ ისე გააკეთეს და შედეგიც მივიღეთ.. ეს იმდენად ახლო დგას დანაშაულთან, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტს იმსახურებს... შესაძლოა, ამაზე უფრო მძიმე დარღვევა მხოლოდ სხვა ქვეყნის აგენტობა იყოს".
რა თქმა უნდა, სინამდვილეში დონალდ ტრამპი მოსკოვის საიდუმლო აგენტი არ არის - ის რომ მოსკოვისგან „გადაბირებული" ყოფილიყო, ესოდენ ნათლად, მკაფიოდ და ღიად არ იმოქმედებდა. საქმე იმაშია, რომ მიტჩ მაკკონელმა გადაწყვიტა აღარ მიეცა ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის და ამის შემდეგ ისეთივე მორჩილი და პირმოთნე გახდა, როგორიც, თითქოსდა, „ღირსეული" ლინდსი გრემი.
ასეთი ქცევის უკან სრულიად ადამიანური მიზეზები დგას: ძალაუფლებასთან სიახლოვის სურვილი და იმის შიში, რომ დონალდ ტრამპს შურისძიების განსაკუთრებული უნარი აქვს. სავარაუდოდ, ორივე ერთად. ასეა თუ ისე, მსგავსი ადამიანები, გარკვეული თვალსაზრისით, დონალდ ტრამპზე უფრო სამარცხვინონი არიან: მათ ხომ კარგად ესმით განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის. პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, თვალთმაქცი არც არის, ის, უბრალოდ, მორალური „იმბეცილი", ანუ ჭკუასუსტი და სულელია.
მომავალ თვეში დაგეგმილ არჩევნებში რესპუბლიკელების გამანადგურებელ მარცხს ტრამპის კიდევ უფრო გროტესკული ქცევა მოჰყვება - თანაც, იმ ადამიანების მხრიდან მუდმივი და უკიდურესად დამამცირებელი პირმოთნეობის ფონზე, რომლებმაც მშვენივრად იციან, თუ რა არის სწორი.
მომავალ თვეში, სამ ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს, თუ მასში რესპუბლიკელები გამანადგურებლად დამარცხდებიან, დონალდ ტრამპის კიდევ უფრო მეტი გროტესკული ქცევა მოჰყვება - თანაც მუდმივი და უკიდურესად დამამცირებელი პირმოთნეობის ფონზე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც მშვენივრად იციან, თუ რა ხდება სინამდვილეში.



