აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინელთა მორალური შოკი ტრამპის მოქმედების შედეგად -რატომ უნდა გააგრძელოს წინააღმდეგობის გაწევა უკრაინამ“ (ავტორი - მარკ სანტორა), რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებაა გაკრიტიკებული: „იყო დრო, როცა შეერთებულმა შტატებმა განაცხადა - უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის მიმდინარე გლობალური დაპირისპირების წინა ხაზს წარმოადგენსო, მაგრამ ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისაგან დიზელის საწვავს ყიდულობს და კრემლს უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად ფულს უგზავნის“, -ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იმ დღეს, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთი უკრაინასთან მიმართებით სრულიად ნორმალურად იქცევაო“, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელიც რუსული დრონის დარტყმის დროს არის გადაღებული. მასზე აღბეჭდილია დაღუპული ერთი წლის ანგელინა, რომელსაც სახეზე მტვერი და ფერფლი აყრია, ხოლო ირგვლივ მიმოფანტული ნამსხვრევები იმას მოწმობს, თუ რაოდენ საშინელი იყო მისი სიკვდილი. „დედამისს სახელად ინა ერქვა, ისიც გარდაიცვალა“, — დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
დონალდ ტრამპი დროდადრო მოსთქვამს ხოლმე დაღუპულთა კოლოსალური რაოდენობის თაობაზე და დანაკარგებს „არაფრისმომცემს“, „ტყუილუბრალოდ“ უწოდებს. იგი ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლოს, მაგრამ ბოლო დროს მან დაიწყო საკუთარი საშინაოპოლიტიკური პრობლემების უკრაინისადმი გადაბრალება და რუსეთს დასახმარებლად მიმართავს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინელები პრაქტიკულად შეეგუენ იმ აზრს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის რუპორის როლს ასრულებს. კიევი შეეგუა ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტასაც, მაგრამ მრავალი უკრაინელის აზრით, ამას წინათ დონალდ ტრამპმა გადააბიჯა იმ ზღვარს, რომლის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია - რუსეთისაგან დიზელის საწვავის შესყიდვა დაიწყო და ანტირუსული სანქციების მოქმედება შეაჩერა იმ იმედით, რომ როგორმე აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდას შეაჩერებს, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ. თუმცა, როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, პრეზიდენტის მცდელობა პოზიტიურ შედეგებს არ გამოიღებს.
დონალდ ტრამპმა უკრაინას ამერიკული დახმარება 99%-ით შეუმცირა, ახლა კი საბიუჯეტო თანხებს კრემლს უგზავნის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ეხმარება, რომელიც, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას „ახალი საშინელი მასშტაბით ანადგურებს“.
ამ ყველაფერმა უკრაინელები ღრმა შოკში ჩააგდო. თითქმის 5 წლის განმავლობაში მათი - უკრაინისა და აშშ-ის - ურთიერთობა ატრაქციონ „ამერიკულ მთებს“ ჰგავდა: მაღალი აღმართებით, მკვეთრი დაშვებებითა და მოსახვევებით, ანუ ზოგჯერ ძალიან კარგი ფონით, ზოგჯერ კი ძალიან ცუდით, მაგრამ ახლა უფრო უარესადაა - თითქოსდა სიტუაცია თავდაყირა დადგა.
ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მმართველობის დროს, ვაშინგტონი კიევს უნერგავდა აზრს, რომ უკრაინა თავისუფლებისათვის მსოფლიო ბრძოლაში წინა ხაზზე მოქმედებს. „თქვენი სიმტკიცით, - ეუბნებოდა ჯო ბაიდენი უკრაინელებს, - თქვენ დემოკრატიულ მსოფლიოს იცავთ“.
და შესაბამისად, ჯარისკაცებიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც ფიქრობდნენ, რომ საერთო საქმისთვის იბრძვიან, რომელიც მათი, თითოეული ადამიანის პირადულ ინტერესებზე მაღლა დგას.
„ახლა კი, - ამბობენ უკრაინელები, - ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ თითქოს გაყიდულები ვართ... დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომში სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას ვერ ხედავს. იგი მხოლოდ ბიზნესითა და მოგების მიღებით ხელმძღვანელობს, გარიგებების ენაზე ლაპარაკობს“.
მართლაცდა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში ასე განაცხადა: „ჩვენ ბევრი რამ მივეცით უკრაინას, მას კი ჩვენთვის არაფერი მოუცია, ეს არავინ უნდა დაივიწყოს“.
უფროსი სერჟანტი პავლე კაზარინი, მწერალი, ახლა კი უკრაინის არმიის დრონების ქვედანაყოფის მებრძოლი, ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ უყურებენ მისი თანამემამულეები დონალდ ტრამპის მიერ მთლიანი სარეპუტაციო კაპიტალის განადგურებას, რომელიც მისმა წინამორბედებმა ათწლეულების განმავლობაში დააგროვეს, როცა აშშ დემოკრატიას მხარს უჭერდა.
დონალდ ტრამპი ზოგჯერ ომს ორი ლიდერის კონფლიქტს ადარებდა, რომლებსაც „ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გადალახონ ურთიერთსიძულვილი და მოილაპარაკონ“. აშშ-ის ლიდერმა თავისი უკრაინელი კოლეგა ჯერ კონფლიქტის დაწყებაში დაადანაშაულა, შემდეგ კი, ამას წინათ, სავარაუდოდ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მის წინადადებებს ელოდება, რომ დაუბრკოლებლად გამდიდრდეს.
„უკრაინელები თავიანთი არსებობისთვის იბრძვიან“, - განმარტავს პავლე კაზარინი.
შეგრძნებამ, თითქოს მსოფლიო გადატრიალდა, უკრაინელები განსაკუთრებით მწვავედ მოიცვა გასულ კვირაში, როცა დონალდ ტრამპის სპეციალური დესპანი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რუსი ლიდერი შეაქო და მას „ჰუმანისტი“ უწოდა - იმ საბაბით, რომ რუსეთის მეთაურმა უკანონოდ მსჯავრდებული (აშშ-ის აზრით) ამერიკელი პატიმარი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა, საპყრობილედან გაათავისუფლა.
ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი რუსეთმა კიევს 21 ბალისტიკური რაკეტის ზალპით დაარტყა და, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, მათგან სამს კასეტური საბრძოლო ქობინა ჰქონდა, რომლის აფეთქებისას ფართო ტერიტორია ზიანდება.
კრემლის მოქმედებაზე თეთრ სახლს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.
„კიევის მოსახლეობამ საკუთარი თვალით ნახა და ყურებით მოისმინა, თუ რას ნიშნავს „რუსული ჰუმანიზმი“: ათობით ბალისტიკური რაკეტის ულმობელი შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამედიცინო დაწესებულებებზე, სავაჭრო ცენტრებზე და საცხოვრებელ კვარტლებზე“, — დაწერა სოციალურ ქსელში ანდრეი სიბიღამ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „[ამერიკული] დამშვიდება, მონური ქედის მოხრა და მლიქვნელობა ამ ომს ვერ შეაჩერებს“.
როგორც უკრაინელი უფლებადამცველი ალექსანდრა მატვიიჩუკი, ნობელის მშვიდობის პრემიის 2022 წლის ლაურეატი, აღნიშნავს, მსხვერპლთა რაოდენობა მატულობს, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი უკვე ორი წელია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებას ცდილობს. „ჩვენ ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკებისაგან კარგს არაფერს არ ველოდებით. ასეთი მოქმედება იმის ნიშანია, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვინდა“, - თქვა მან. „უკრაინის მოსახლეობისათვის დონალდ ტრამპის სამშვიდობო მცდელობების პერიოდი ყველაზე მეტად სიკვდილის მთესველი გამოდგა ომის დაწყებიდან“.
ალექსანდრა მატვიიჩუკი შიშობს, რომ სისხლისღვრა მხოლოდ გაძლიერდება იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპი ღიად დადგა რუსეთის მხარეზე. ამის თვალსაჩინო შედეგია ის, რომ ბოლო დროს დაიწყო კავშირგაბმულობის სიჩქარის შემცირება ამერიკული თანამგზავრული ინტერნეტ-სისტემის „სტარლინკის“ მეშვეობით, რომლითაც უკრაინის არმია სარგებლობს, ასევე შეფერხდა ამერიკული თანამგზავრული სადაზვერვო მონაცემების მიწოდება უკრაინისათვის, რომლებშიც ფიქსირდება რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების ფაქტები. გარდა ამისა, აშშ-მა სრულიად შეწყვიტა უკრაინისათვის - ნატოს ევროპელი წევრების მეშვეობით - „პეტრიოტის“ რაკეტების მიწოდება.
დონალდ ტრამპმა უკრაინას ასევე მოსთხოვა დარტყმების შეწყვეტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ, რომლებიც აშშ-ისთვის უაღრესად საჭირო დიზელის საწვავს აწარმოებენ. თეთრი სახლის მეთაურის მტკიცებით, სწორედ უკრაინელების მოქმედებამ გამოიწვია მსოფლიოში და აშშ-ში ფასების მატება დიზელის საწვავზე და ბენზინზე და არა ირანთან დაწყებულმა ომმა.
„თუ თქვენ უკრაინას სამხედრო რესურსების მიწოდებას შეუწყვეტთ - ქვეყანას, რომელიც თავს იცავს, - ამით საომარ მოქმედებებს ვერ შეაჩერებთ“, - განაცხადა ალექსანდრა მატვიიჩუკმა აშშ-ის პრეზიდენტის გასაგონად.
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს იმაშიც, რომ თითქოსდა უკრაინის მეთაურს მშვიდობის მიღწევა არ სურს. მაგრამ თვითონ უკრაინელებს საკითხი, თუ რატომ აგრძელებენ ისინი წინააღმდეგობის გაწევას, აბსურდულად ეჩვენებათ: იმიტომ აგრძელებენ, რომ მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ასობით ბალისტიკური რაკეტის მარაგი შექმნეს, მათ დააგროვეს ათასობით ფრთოსანი რაკეტა და ათიათასობით რეაქტიული დრონი ზამთრის პერიოდში საბრძოლო ოპერაციების განსახორციელებლად.
უკრაინელებმა საკუთარი თვალით დაინახეს რუსი ჯარისკაცების მხეცობა ბუჩაში, იზიუმში, გაიგეს უკრაინელი ჯარისკაცების წამების ფაქტები ხერსონის საპყრობილეში, ამიტომაც ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კაპიტულაცია მშვიდობას არ მოიტანს.
„თუ ჩვენ წინააღმდეგობის გაწევას შევწყვეტთ, — ამბობს ალექსანდრა მატვიიჩუკი, - აღარ ვიარსებებთ - უკრაინელი ერი გაქრება“.



