აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ გადავიდა ზელენსკი მკაცრ პოზიციაზე ტრამპის მიმართ" (ავტორი - მარინა ვარენიკოვა, კიეველი კორესპონდენტი), რომელშიც აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლოდროინდელი გამწვავებული ურთიერთობაა განხილული. „ნიშნავს თუ არა ტრამპ-ზელენსკის შეხლა-შემოხლა იმას, რომ ვაშინგტონი კიევთან ურთიერთობას მინიმუმამდე შეზღუდავს? ექსპერტების თქმით, საეჭვოა, რომ ასე მოხდეს", - ნათქვამია მასალაში.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:                    

 

დუმილი უფრო სახიფათოა, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევა, - ასე თვლიან უკრაინელი ჩინოვნიკები: ამჯერად რუსეთთან დაახლოების საკითხში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი „საკმაოდ ღრმად შევიდა" და ეს უნდა ითქვას.

 

უკრაინას უკვე გავლილი აქვს მსგავსი დამოკიდებულება დონალდ ტრამპთან, მაგრამ ამჯერად, როცა ამერიკელი ლიდერი განგებ ამცირებს რუსეთის შეტევების მასშტაბს და ხელს უშლის კიევს, პასუხი გასცეს კრემლის არმიას, კიევმა ტაქტიკა შეცვალა და გადაწყვიტა, რომ თეთრ სახლის ბრალდებებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა მომხდარი ამბები ბოლო მცდელობად შეაფასა - განგაშის სიგნალი გადაიცეს ცუნამის მოახლოების შესატყობინებლად. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის ბოლო გამწვავებამდე უკრაინის მდგომარეობა მძიმედ გამოიყურებოდა: ყოველდღიური დარტყმები ქვეყნის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას ანგრევდა და ეკონომიკას ძირს უთხრიდა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვას „პეტრიოტის"ანტირაკეტების მარაგი, რომელიც რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ჰაერშივე, ფრენის დროს გაანადგურებდა, დიდი ხანია ამოეწურა, ჰორიზონტზე კი უკვე ზამთარი მოჩანს.

შემდეგ დონალდ ტრამპმა რუსული დიზელის საწვავის შესყიდვა გადაწყვიტა, ამისათვის რუსეთს სანქციები ნაწილობრივ მოუხსნა და უკრაინაზე ზეწოლა დაიწყო - კიევს უარი უნდა ეთქვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვაზე, რომლებიც, სხვათა შორის, აშშ-სათვის ესოდენ საჭირო დიზელის საწვავსაც აწარმოებენ. გარდა ამისა, კიევმა ჩივილი დაიწყო, რომ „აშშ-ის მიერ უზრუნველყოფილი ინტერნეტის („სტარლინკის") სიჩქარე კატასტროფულად შემცირდაო", რასაც დაემატა - „აშშ-მა კოსმოსური სადაზვერვო მონაცემების მოწოდება შემიწყვიტაო". ამერიკულმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს - მსგავსი რამ არ მომხდარაო.  მოკლედ, ურთიერთბრალდებები გახშირდა.

კიევსა და ვაშინგტონს შორის კონფრონტაცია უფრო გამწვავდა ორშაბათს, როცა დონალდ ტრამპმა აღნიშნა: „გულწრფელად თუ ვიტყვით, რუსეთი უკრაინის მიმართ ნორმალურად იქცევა, უკრაინა კი არაფერს არ აკეთებს".

თუმცა, დაპირისპირება დაპირისპირებად, მაგრამ არის ნიშნები იმისა, რომ არცერთი მხარე არ აპირებს ერთმანეთთან ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტას. ტრამპისა და ზელენსკის შეხლა-შემოხლიდან დიდი ხანი არ გასულა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის საგარეოპოლიტიკური უწყების მეთაურს მარკო რუბიოს, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ნორვეგიაში, ოსლოში შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის პირდაპირი კრიტიკისაგან ამჯერად თავი შეიკავა და პირიქით, მადლობა თქვა, რომ კოსმოსურ სადაზვერვო მონაცემებს (რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების თაობაზე) კიევი ისევ იღებს და „სტარლინკიც" ისევ მუშაობს.

და მაინც უკრაინელი ხელმძღვანელების მტკიცებით, დონალდ ტრამპი თავის ანტიუკრაინულ ბრალდებებში და რუსეთთან დაახლოებაში იმდენად ღრმად შევიდა, რომ ამ ყველაფრით უკვე უკრაინის ინტერესები ილახება, ანუ დუმილი ასეთ სიტუაციაში უკვე დაუშვებელია. შეიძლება ითქვას, რომ დუმილი უფრო სახიფათოა, ვიდრე ღიად წინააღმდეგობის გაწევა.

„ხალხმა სინამდვილე უნდა იცოდეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეარხ  ABC News-სადმი მიცემულ ინტერვიუში და ხაზი გაუსვა: „რეალობა ასეთია: დადგა რა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარეზე, დონალდ ტრამპმა არასწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა და როცა თავისი მოქმედებით რუსეთის პრეზიდენტს ეხმარება, ამით კონფლიქტის დასრულებას აჭიანურებს".

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელიც აშშ-ის მოკავშირედ გამოდის და იმავდროულად იძულებულია დილემის წინაშეც იდგეს, თუ როგორ მოახდინოს ტრამპის გამოხტომაზე რეაგირება. სხვათა შორის, დაინახა რა, რომ დონალდ ტრამპს კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი და სხვა ლიდერები შეეპასუხნენ, უკრაინის პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, რომ ამჯერად უკან აღარ დაეხია და თავისი ამერიკელი კოლეგის ბრალდებები მედგრად მოეგერიებინა. უკრაინელი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს იყო სწორი მოქმედება, მაგრამ იმავდროულად სარისკოც.

„დონალდ ტრამპი ღიად გვიბიძგებს კაპიტულაციისაკენ", - განაცხადა მიხეილ სამუსმა, უკრაინელმა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, - „ასეთია შექმნილი სიტუაცია".

დღემდე კიევი ცდილობდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობისას ფრთხილი ყოფილიყო და დიპლომატიური ტონი შეენარჩუნებინა. ოვალურ კაბინეტში 2025 წლის თებერვალში მომხდარი გახმაურებული ინციდენტის შემდეგ კიევი ვაშინგტონის მიმართ მადლობების თქმის რეჟიმს დაუბრუნდა - განცხადებების დროს ხაზს უსვამდა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას... და ამ დროს ისევ დაპირისპირება ხდება...

კიევს შეუძლია დაძაბულობის განმუხტვას შეეცადოს და გადადგა კიდეც ნაბიჯი ამ მიზნით. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მარკო რუბიოსთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „მადლობა ყველა ამერიკელს, რომლებიც სწორ მიდგომებს მხარს უჭერენ". დონალდ ტრამპი არ უხსენებია.

უკრაინელი პოლიტიკური მიმომხილველის ვიტალი პორტნიკოვის აზრით დონალდ ტრამპის თავდასხმებმა ვოლოდიმირ ზელენსკი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. უკრაინის ლიდერს არაერთხელ გაუკრიტიკებია თავისი ამერიკელი კოლეგის პირადი მანერები, მაგრამ აქცენტს უფრო ფაქტებზე და სიტუაციის რეალურ მდგომარეობაზე აკეთებდა, თანაც მისი ადმინისტრაცია ღიად აღიარებდა პრობლემებს, რომელთა წინაშე უკრაინა დადგა ამერიკული შეზღუდვების შედეგად.

ახლა კი ვოლოდიმირ ზელენსკიც შორს წავიდა: ამერიკელ კანონმდებლებთან - ორივე პარტიის წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის დროს მან თავისი საჩივრები ისევ გაიმეორა. ეტყობა, უკრაინის პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ აშშ-ში შექმნილი შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების - კონგრესის შუალედური არჩევნებისა და საწვავის გაძვირების ფონზე - მისი ზეწოლა დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან დაახლოებისაგან შეაჩერებდა.

საერთოდ, ამერიკის პრეზიდენტი კიევის მიმართ კურსს ხშირად იცვლიდა ხოლმე -  ხან უახლოვდებოდა, ხან შორდებოდა. ასე რომ, მორიგი შემობრუნება გამორიცხული არ არის. შესაძლოა, შუალედური არჩევნების შედეგებმა მართლაც კიდევ ერთხელ შეცვალოს მისი კურსი.

„იმ დროს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი თავს უფლებას აძლევს დონალდ ტრამპის მისამართით მკვეთრი სიტყვები თქვას და ამ დროს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც აზიის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება, ყველაფრის მიუხედავად, მაინც დროს პოულობს მასთან სასაუბროდ, ეს ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არ არის აშშ-უკრაინის ურთიერთობის სრული გაწყვეტისათვის", - ასკვნის ვიტალი პორტნიკოვი.

 

წყარო: