საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ევროკავშირის 2026 წლის სახაროვის პრემია მიენიჭა. ეს ჯილდო ომის დანაშაულთა ტრიბუნალისთვის მიმდინარე თვეში უკვე მეორე საერთაშორისო აღიარებაა და ის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებიდან ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოხდა.

 

ევროპარლამენტიდან აღნიშნული განცხადება გაჟღერდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ყოფილ მოსამართლეს, ნავი პილაის ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა.

დასავლური მედიის შეფასებით, ეს ფაქტი ბევრმა ადამიანმა აღიქვა, როგორც მხარდაჭერის გამოხატვა რთულ მდგომარეობაში მყოფი სასამართლოს მიმართ.

 

„ევროკავშირი ეფუძნება მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემას; ეს ჯილდო კი აღიარებს სასამართლოს მნიშვნელოვან საქმიანობას საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების დაცვის საქმეში", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.

 

ჰააგაში განლაგებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), დიდი ხანია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამიზნეა. მის წინააღმდეგ მიმართული კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაპატიმრების ორდერები გასცა.

 

ევროკავშირის ჯილდო, რომელიც საბჭოთა დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელს ატარებს, 1988 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას იცავენ.