შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.
„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით. ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლების განხორციელების გამო უცხო ხელისუფლებების მხრიდან მუქარის ტონით განცხადებების კეთება დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს და სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს არღვევს. ამასთან, ასეთი განცხადები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის და მუქარის მცდელობაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა. იმ უცხოელმა მმართველებმა, რომლებიც კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე, ისე, რომ მათში საერთოდ ვერ ერკვევიან, უნდა გამოიჩინონ ელემენტარული თავშეკავება და პატივისცემა კანონის უზენაესობის მიმართ. ყველას შევახსენებ, არაერთხელ დადასტურებულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული ზედაპირული და მიკერძოებული განცხადებები უსაფუძვლო იყო. ამ უცხოელ ოფიციალურ პირებს დღემდე ვალად აქვთ საქართველოსა და ქართული სასამართლოს წინაშე ბოდიშის მოხდა სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, „რუსთავი 2"-ის და კიდევ მრავალ სხვა საქმეზე უსაფუძვლო თავდასხმების გამო. ამიტომ ყველამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, რათა ძველ, ჯერაც გაუსტუმრებელ ვალს ახალი საბოდიშო არ დაემატოს", - წერს პაპუაშვილი.



