„პუტინის ამერიკელი მეგობრები: ნატოს „რეალისტური" კრიტიკოსები უკრაინის მიმართ მოსკოვურ თეზისებს იმეორებენ" - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის" (Financial Times) 22 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი, ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი ედვარდ ლიუსი ამერიკული საზოგადოებაში პრორუსულად განწყობილი ძალების არსებობის მიზეზებს იკვლევს და კონკრეტული ფაქტების საფუძველზე, ამ ძალების წარმომადგენლების თეზისებს აკრიტიკებს.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ადამიანთა ორი ტიპი, რომლებიც ხაზს უსვამენ თავიანთი სახელმწიფოს განსაკუთრებულობას: ერთნი [„პოზიტიურები"] თვლიან, რომ აშშ ისეთ უნიკალურ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ სიკეთეს და მშვიდობას თესავს. მეორენი [„ნეგატიურები"] ამერიკას ყველანაირ უბედურებაში ადანაშაულებენ... ის, რაც ორივეს აერთიანებს, არის გულგრილი დამოკიდებულება არაამერიკელების მიმართ. მათი აზრით, მხოლოდ ამერიკა ფლობს რეალურ სუბიექტობას. ორივე ტიპის ადამიანები თვლიან, რომ მხოლოდ მათ აქვთ არჩევანის თავისუფლება „ნათელსა" და „ბნელს" შორის. „ნათელმა" ვერსიამ დისკრედიტაცია განიცადა ომებით ერაყში, ავღანეთში და სხვა ადგილებში. შესაბამისად, მატულობს ნეგატიური განსაკუთრებულობის მომხრეთა რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის პროგნოზი, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებს, უკვე სრულიად შესაძლებელი ჩანს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არცერთ ზემოთ დასახელებულ ტიპს არ მიეკუთვნება, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო შეამციროს უკრაინისადმი  დახმარება, მას იმ ადამიანთა მხარდამჭერად წარმოაჩენს, ვინც ამერიკელთა ნეგატიურ განსაკუთრებულობას აღიარებს. ისინი, ვინც მიესალმებიან ტრამპის პრორუსულ კურსს, ერთი მხრივ, MAGA-ს მოძრაობის მემარჯვენე მომხრეები არიან, მეორე მხრივ კი - უკიდურესი მემარცხენეების წარმომადგენლები, რომლებსაც ადრე „ტანკისტებს" უწოდებდნენ (ანუ მკაცრ პროსაბჭოური პოლიტიკის მიმდევრებს. თვითონ პოლიტიკურ-ჟარგონული ტერმინი „ტანკისტი" 1956 წელს ბრიტანეთში გაჩნდა, როცა სსრ კავშირმა ტანკებით უნგრეთის რევოლუცია ჩაახშო). ცივი ომის პერიოდში ამერიკელი „ტანკისტები" (ანუ პროსაბჭოელები) საბჭოთა კავშირს განიხილავდნენ როგორც მშვიდობისა და ანტიიმპერიალისტური ბრძოლის ბურჯს, რომელიც „დანაშაულებრივ" ამერიკას ეწინააღმდეგებოდა. დღეს ისინი, მემარჯვენე თაკერ კარლსონის მსგავსად, ცდილობენ ვლადიმერ პუტინის მოქმედებას გამართლება მოუძებნონ.

„ნეგატიური განსაკუთრებულობის" იდეის მიმდევართა მთავარი ინტელექტუალია ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მირშაიმერი, „შემტევი" საგარეოპოლიტიკური სკოლის წარმოამადგენელი. იგი თვლის, რომ მსხვილი და ძლიერი სახელმწიფოების ლიდერები თავიანთ რეგიონებში დომინირებას ესწრაფვიან - მაგალითად, ვლადიმერ პუტინის შემთხვევაში ეს არის საბჭოთა კავშირის ყოფილი გავლენების ტერიტორია, ხოლო დონალდ ტრამპის შემთხვევაში - უმეტესად დასავლეთი ნახევარსფერო. ასეთ სიტუაციაში საშინაო პოლიტიკის როლი უმნიშვნელოა ან საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მსხვილი სახელმწიფოები ასე იმიტომ მოქმედებენ, რომ ისინი, უბრალოდ დიდი და ძლიერები არიან. ერთი დიდი სახელმწიფოს ჩარევას სხვა რეგიონის საქმეებში სიტუაცია გლობალურ კრიზისამდე მიჰყავს (გავიხსენოთ კარიბის კრიზისი, ვიეტნამის კრიზისი, სპარსეთის ყურის კრიზისები...). ამრიგად, „ნეგატიური განსაკუთრებულობის" მიმდევართა აზრით, აშშ დღეს იგივენაირად უაზროდ და დაუფიქრებლად უჭერს მხარს უკრაინას, როგორც დაუფიქრებლად ცდილობდა სსრ კავშირი კუბაზე ბირთვული რაკეტების განთავსებას 1962 წელს.

ჯონ მირშაიმერი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას: იგი თავისი გამოსვლებით და პოზიციების დაფიქსირებით აკადემიურ რესპექტაბელობას ანიჭებს იმ ამერიკელებს, რომლებიც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ. რასაკვირველია, ამერიკელთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს კრემლის პოლიტიკას, მაგრამ მათი პოზიცია უფრო ხშირად პასიურია. სამაგიეროდ, აქტიურები არიან ამერიკელთა ის უმცირესობა, რომლებიც თავიანთი [მშვიდობისმყოფლური] პოზიციით ფაქტიურად ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებად გამოდიან - ისინი „შენიღბულები" არიან დონალდ ტრამპის გარემოცვაში და მემარცხენე ფლანგზე. მათ ხშირად ისეთი დიდი გავლენები და სტატუსი აქვთ, რომ ამერიკელთა უმრავლესობას აჭარბებენ. იმ მომენტში, როცა აშშ ფაქტიურად მხარს უჭერს ძლიერი ავტოკრატული მეზობლის მიერ სუსტი სუვერენული მეზობლის განადგურებას, „ნეგატიური განსაკუთრებულობის" მომხრეებისათვის ასეთი შირმის მორგება მართლაც ფასდაუდებელია.

თუმცა, მათი გულგრილი დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ რას ფიქრობენ უცხოელები, არანაკლებ უმეცრული მიდგომაა, ვიდრე ჯორჯ ბუშ-უმცროსის იდეა, რომელიც დემოკრატიის იარაღის ძალით გავრცელებას გულისხმობს. მათი პროგნოზირების უნარიც ასევე სუსტია. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ერთი კვირით ადრე, ჯონ მირშაიმერი ამტკიცებდა, რომ პუტინი არ გამოიჩენს უგუნურებას და უკრაინაში არ შეიჭრებაო. რამდენიმე დღის შემდეგ კი, როცა კრემლის არმია მართლაც  შეიჭრა უკრაინაში, მან პოზიცია შეიცვალა და განაცხადა, რომ დასავლეთმა პუტინს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. მას შემდეგ ჩიკაგოელი პროფესორი მუდმივად წინასწარმეტყველებს უკრაინის გარდაუვალ კრახს.

მსგავსი თეზისები - ხშირად სიტყვა-სიტყვით - ორივე პოლიტიკურ ფლანგზე ისმის. თაკერ კარლსონი ხშირად იღებს ინტერვიუს ჯონ მირშაიმერისგან. მათი განცხადებებიდან მთავარია იმის მტკიცება, რომ პუტინის ომს ხელი თვითონ ამერიკამ შეუწყო - ნატოს საზღვრები რუსეთს მიუახლოვაო. სინამდვილეში პუტინის უკრაინაში შეჭრას ნატოსთან საერთო ძალიან ცოტა რამ თუ ჰქონდა: ცნობილია, რომ 2008 წელს [ბუქარესტის სამიტის დროს] ჯორჯ ბუშ-უმცროსის ნაჩქარევ წინადადებას ალიანსში უკრაინის სამომავლო წევრად მიღებაზე მოგვიანებით თვითონ ნატო იგნორირებდა.

სხვათა შორის, არც თვითონ პუტინს არ უხსენებია ნატო თავისი შეჭრის მიზეზებს შორის, რომლის მიზნებს უკრაინის „დენაციფიკაცია", „დემილიტარიზაცია" და რუსულენოვანი უმცირესობის დაცვა წარმოადგენდა. პუტინმა ნათლად მიანიშნა, რომ უკრაინას რუსეთის ცივილიზაციური საზღვრების ნაწილად მიიჩნევს. ჯორჯ ორუელს, ალბათ, გაეცინებოდა იმის მტკიცებაზე, რომ დასავლეთი რუსეთთან „ბოლო უკრაინელამდე" იბრძვის. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინელებს თითქოს საკუთარი ნება და პოზიცია არ აქვთ.

ამრიგად, მოვლენათა მსგავსი ფორმულირება პრაქტიკულად არაფერს არ განმარტავს. ჯონ მირშაიმერის ცნობილი წინასწარმეტყველური პროგნოზიც კი, რომელიც მან 2015 წელს გააკეთა - დასავლეთს უკრაინა დამანგრეველი გზით მიჰყავსო - სერიოზულ კრიტიკას ვერ უძლებს. იმ დროს უკრაინა უკვე რუსულ ხორცსაკეპში იყო მოქცეული: 2014 წელს კრემლმა ყირიმის ოკუპირება მოახდინა, ხოლო დონბასი „მოხალისეებით" გაავსო. ეს მოხდა ვიქტორ იანუკოვიჩის - პრორუსუსლი პრეზიდენტის დამხობის შემდეგ - იმ პრეზიდენტისა, რომელმაც პარლამენტის თანხმობის მიუხედავად, უარი განაცხადა ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე.

ნატოს კიდევ ერთი კრიტიკოსი ნოამ ჩომსკი, ემხრობა და იმეორებს მოსკოვის პოზიციას, რომლის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევა „სახელმწიფო გადატრიალებად" არის მონათლული. სინამდვილეში კი ფაქტი ფაქტად რჩება: იგი იმიტომ გაიქცა, რომ ქვეყანა თვითონვე, თავისი მოქმედებით დაკარგა, უკრაინას ვეღარ მართავდა.

პუტინის ამერიკელ აპოლოგეტებს ასევე მოსწონთ ჯორჯ ქენანის და ჰენრი კისინჯერის ციტირება, რომლებმაც, მათი აზრით, ამერიკა ნატოს გაფართოების ნეგატიური შედეგების შესახებ გააფრთხილეს. ეს ბუნებრივია, რადგან ცივი ომის შეკავების „მამა" ჯორჯ ქენანი ნატოს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ის ათწლეულების შემდეგ ახალი წევრების მიღების წინააღმდეგიც იყო. თავის მხრივ, ჰენრი კისინჯერმა 2023 წელს მოულოდნელად მხარი დაუჭირა უკრაინის ნატოში გაწევრიანების იმედებს და ეს გააკეთა მას შემდეგ, რაც წლების განმავლობაში აფრთხილებდა კიევს, რომ ნატოში ინტეგრაციისათვის თავი აერიდებინა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჰენრი კისინჯერის წარმოჩენა ავტორიტეტად როგორც აშშ-ის მსოფლიო საქმეებში ჩაურევლობის სიმბოლოდ, საკმაოდ საეჭვო და სადაო აზრია.

ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი ახლა [რუსი] აგრესორის მიერ წამოწყებულ ხოცვა-ჟლეტას უწყობს ხელს, სასტიკ და დაუფიქრებელ ქმედებად უნდა ჩაითვალოს. რუსული დათვი და ამერიკული არწივი ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მარწუხებივით ერთად მოქმედებენ. თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შიშველი და უხეში ძალაც კი ცდილობს კანონიერების სამოსელი მოირგოს და საკუთარ ქმედებას სამართლებრივი ან მორალური გამართლება მოუძებნოს. ხდება ხოლმე, რომ ჩრჩილშეჭმულ ტანსაცმელსაც კი შეუძლია გასაოცრად დიდხანს გაძლოს.

 

წყარო: