კახა ლაბუჩიძე გენო კალანდიას მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, პოეტ გენო კალანდიას მემორიალური დაფის გახსნას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია თბილისში, ისნის რაიონში, მეტეხის ქ. N16-ში ბოლო ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

მისი სახელის უკვდავსაყოფად სახლის ფასადზე, სადაც პოეტმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, მემორიალური დაფა განთავსდა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულია პოეტის როლი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის და ნდობის აღდგენის საკითხებში. სწორედ ამიტომ, სიმბოლურია, რომ მემორიალური დაფის განთავსების საკითხის ინიციატორი ის უწყებაა, რომელსაც თავად ხელოვანი წლები ღირსეულად ემსახურა.

„გენო კალანდიას მემორიალური დაფის გახსნა ორმაგად სასიხარულო ფაქტია. უპირველესად იმიტომ, რომ როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, შესაძლებლობა მომეცა განმეხილა მემორიალური დაფის განთავსების საკითხი და კომისიურ ფორმატში დადებითად გადაგვეწყვიტა. ამასთან, როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ხდება ამ მნიშვნელოვანი საქმის დაგვირგვინება. გენო კალანდიას პერსონა, მისი ბიოგრაფია და შემოქმედებითი ცხოვრება იმსახურებს სათანადო დაფასებას. ის იყო თანამედროვეობის უდიდესი წარმომადგენელი, უნიჭიერესი ხელოვანი, რომლის პერსონა იდგა ჰუმანიზმზე, პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე”,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, პოეტის საცხოვრებელი სახლის ეზოში, მოწვეულმა სტუმრებმა პოეტის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრეს. გაიხსენეს მისი მოღვაწეობა და ღვაწლი საქართველოს ერთიანობისთვის. მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ კი გენო კალანდიას ოჯახის წევრებმა, დამსწრე საზოგადოებას პოეტის ლექსების კრებული საჩუქრად გადასცეს.

„აღსანიშნავია, რომ გენო კალანდია, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატია. ასევე, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ რედაქტორი, მუშაობდა სოხუმის რადიოში, სოხუმის სახელმწიფო თეატრში. ის იყო: აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი და საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე. იგი 30-მდე პოეტური კრებულის და დრამატული პიესების ავტორია.

დღესვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით პოეტ გენო კალანდიას მემორიალური დაფის გახსნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მემორიალური დაფის გახსნას და შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ: ქალაქ თბილისის ისნის რაიონის გამგებელი, ნიკოლოზ ელისაშვილი, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები: ჯემალ გამახარია და ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, გენო კალანდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი პოეზიის თაყვანისმცემლები,“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.