ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა. განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა.
„ეს პროფესიული დღესასწაული დღეს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოხარული ვარ, რომ მას პირველად მასპინძლობს ჩვენი გამორჩეული საგანმანათლებლო კერა, ჩვენი უძვირფასესი ქალაქი ქუთაისი. მინდა, შეგახსენოთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღის შემოღება დიდი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს უკავშირდება. წლევანდელი ზეიმი სიმბოლურია იმითაც, რომ უკვდავი „დედა ენის" გამოცემიდან 150 წელი შესრულდა. ამ წიგნით იაკობ გოგებაშვილმა ქართველ ბავშვებს ანბანთან ერთად სამშობლოს სიყვარული ასწავლა. „დედა ენა" ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისა და თვითმყოფადობის ცოცხალი ძეგლია.
ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა.
განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ. ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა. ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემია, რომელიც გამორჩეულ პედაგოგებს გადაეცემა. წელს ქვეყნის მასშტაბით 10 გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა. ასევე, მეორე წელია, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი სკოლების ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება იმართება. მინდა, წინასწარ მივულოცო თითოეულ ლაურეატს, თითოეულ პედაგოგს დამსახურებული აღიარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ნიჭიერი ახალგაზრდობის მონდომებასთან ერთად, პედაგოგთა დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომ გლობალურად საგანმანათლებლო მიღწევების კლების ფონზე, საქართველომ PISA 2025-ის კვლევაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია.
„კვლევის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო მონაწილე 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს.
იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა უძვირფასესი მემკვიდრეობა: რწმენა იმისა, რომ ერის მომავალი სკოლასა და მასწავლებელზე დგას. დღეს თქვენ, ჩვენი პედაგოგები, ამ დიდ მისიას ღირსეულად ემსახურებით.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სახელოვნად გავლილი გზისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ამაგისთვის. გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებებს გისურვებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



