მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ განცხადებას ავრცელებს

სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია – თითქოს, კრიტიკული კითხვების დასმის გამო, ჩვენი თანამშრომელი, საინფორმაციო გამოშვება „სტრიმის“ წამყვანი მიხეილ გოგილავა სამსახურიდან გათავისუფლდა, არის აბსოლუტური სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც  განცხადებაში ვკითხულობთ, მიხეილ გოგილავას სამსახურიდან წასვლა, საკუთარი სურვილით მოხდა და ხელმძღვანელობის მხრიდან, მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია:

“საზოგადოებისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, განვმარტავთ, რომ ორშაბათს, “სტრიმის” ეთერში სტუმრად იმყოფებოდა რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რა დროსაც პოლემიკა გაიმართა წამყვანსა და სტუმარს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეთერი იყო ემოციური, წამყვანს კრიტიკული კითხვების შინაარსის გამო ხელმძღვანელობისგან შენიშვნა არ მიუღია. მეტიც, ერთ-ერთი ასევე კრიტიკული კითხვის იდეა წამყვანს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც მიაწოდა. 

იმის დასტურად, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ის ფაქტიც ჩაითვლება, რომ  მიხეილ გოგილავამ მეორე დღესვე წაიყვანა საინფორმაციო გამოშვება „სტრიმი“.  აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, წამყვანი თავისი ინიციატივით შევიდა ხელმძღვანელების კაბინეტში, სხვა არგუმენტით, თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და სწრაფი ტემპით დატოვა როგორც კაბინეტი, ასევე ტელევიზიის შენობა. ჩვენ მისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, ფეისბუქზე, მის მიერ გავრცელებული პოსტით შევიტყვეთ, რადგან პირადი ნივთები მას რედაქციაში დღემდე აქვს დატოვებული.

წამყვანმა მიხეილ გოგილავამ კატეგორიულად მოითხოვა „სტრიმის“ მთლიანი გამოშვებიდან ამოჭრილი პოლემიკა რესპონდენტთან ცალკე გაზიარებულიყო სოციალურ ქსელში, მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვისაც „სტრიმის“ სრული გამოშვება, გოგა ხაინდრავას დებატების ჩათვლით ახლაც დევს ჩვენს გვერდზე და შეუძლია ნებისმიერმა ნახოს. ეს კი პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ არანაირ ცენზურას ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა.

მანამდე, ოთახში, მას ერთ-ერთმა მენეჯერმა დაუსვა კითხვა, როგორ თვლის, არის თუ არა „ჯორჯიან თაიმსი“ თავისუფალი ტელევიზია? მან გამომწვევად უპასუხა: „როგორც თქვენ ამბობთ – კი“. ზუსტად ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა თავად დაეტოვებინა მენეჯერების კაბინეტი და ჰოლდინგის შენობაც.

ტელე-რადიო კომპანია მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ სახელით, ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი“ და მათ შორის კონკრეტულად საინფორმაციო გამოშვება „სტრიმი“  ორიენტირებულია ამბების  ობიექტურად  გაშუქებაზე, სადაც არ იზღუდება კრიტიკული კითხვების დასმის უფლება და  ჟურნალისტების თავისუფლება. 

მიუხედავად მომხდარი ინციდენტისა, წამყვანი მიხეილ გოგილავა ამ დრომდე ირიცხება, როგორც ტელე-რადიო კომპანია მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ თანამშრომელი. ჩვენ მივესალმებით მის ნებისმიერ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და მას წარმატებებს უსურვებს”, – ნათქვამია  განცხადებაში.