არც ვიცი სალომე ზურაბიშვილის გონებაში რა იხარშება, პრეზიდენტის განცხადებები ადეკვატურობას მთლიანად მოკლებული იყო – ირაკლი კობახიძე

არც ვიცი სალომე ზურაბიშვილის გონებაში რა იხარშება – რაღაცა ისეთი განცხადებები ჰქონდა, რაც შეიძლება საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ემსახურებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილს ამის რესურსი არ აქვს – ვინ წაახალისა პრეზიდენტი, თვითონ წახალისდა, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის განცხადებები ადეკვატურობას მთლიანად მოკლებული იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ნებსით თუ უნებლიედ, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი გააგრძელა.

„რეალურად, ეს სალომე ზურაბიშვილმა შეგნებულად გააკეთა თუ შეუგნებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, იმას, რაც რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ რაღაცნაირად მმართველ პარტიას ცოტა მეტი სუბიექტი დაუპირისპირდეს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში და ნებსით თუ უნებლიედ ეს დღის წესრიგი სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა გააგრძელა. რა იყო ამის უკან ანუ ნება კონკრეტული, თუ რაღაც არასწორი ანალიზი, ცუდი ანალიზი, თუ სუსტი უნარები, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხაზი სალომე ზურაბიშვილმა გააგრძელა.

საზოგადოება კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს ენდობა, რაც არჩევნებში დასტურდება ხოლმე, რაც დადასტურდა, მათ შორის, ბოლო საპარლამენტო და მუნიციპალურ არჩევნებში. შესაბამისად, ეს ნდობა არის ის, რის გამოც არავის გამოუვა არავითარი ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ვერც ერთი ასეთი ინფორმაცია საკუთარ მიზანს ვერ მიაღწევს.

რა იდგა რეალურად ამის უკან, მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ამის უკან რაღაც მცდელობები იყო. ვინ წაახალისა პრეზიდენტი, თვითონ წახალისდა, თუ როგორ იყო ეს ყველაფერი, ჩვენ არ ვიცით, ამიტომ სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის განცხადებები ადეკვატურობას მთლიანად მოკლებული იყო“, – განაცხადა კობახიძემ.