ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც იგი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სენატი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ და ევროინტეგრაციის გზაზე ძალისხმევას აგრძელებენ. ის, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას მიესალმება.

„რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომა იყოს. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება და რუსეთს სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის „მწვანე შუქს“ მისცემს.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში, ევროპული ინტეგრაციისკენ მტკიცედ ისწრაფოდა, რამაც ასევე, მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში ასახვა პოვა. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც რეფორმები წარმატებით განხორციელდა, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

სენატი ამ გზაზე საქართველოს მიღწევებს მიესალმება და მოუწოდებს მას, ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარება გააგრძელოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელს შეუწყობს, ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს და რეფორმების განხორციელება წარმატებით განაგრძოს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.