ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება – მოვუწოდებთ „ოცნებას“, გონს მოეგონ

ფაქტია, რომ „ოცნების“ ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავალი რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა – უნდა გვესმოდეს, რომ აქციები არ არის საკმარისი და ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმაც , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, იმისთვის, რომ დარჩენილ დროში საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ, მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება.

ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ აიღოს პოლიტიკური ვალდებულება რეფორმებზე.

„გვსურს დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დარჩენილ მცირე დროში საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ. ეს გახლავთ რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები.

ფაქტია, რომ „ოცნების” ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავალი რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, ვის რა მიზანი ამოძრავებდა, მათ შორის, გაერთიანების მიზანი, აქციების დაანონსების დროს, აქციებზე თარიღების მსჯელობამ საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია, რაც მხოლოდ და მხოლოდ გვაზიანებს.

აქციები მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პოზიციის გამოსახატავად და ჩვენს ამომრჩეველს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვს. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ აქციები არ არის საკმარისი და ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმაც. მიუღებელია ევროპული პერსპექტივის გადარჩენის ტვირთის გადატანა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც არაერთხელ დაუმტკიცეს ევროპას, რომ ევროპა საქართველოს მოქალაქეების ისტორიული არჩევანია და ეს ძალიან კარგად იციან ევროკავშირში. ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს დემოკრატიული რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ოცნებას, გონს მოეგონ და დაუყოვნებლივ აიღონ პოლიტიკური ვალდებულება რეფორმებზე. ისეთ რეფორმებზე, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, მათ შორის, კორუფციისგან და სისტემურ დარღვევებისგან თავისუფალ არჩევნებს, ხოლო არჩევნების ძალაუფლების რეალურ განაწილებას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რაც საბოლოო ჯამში მოახდენს ავტორიტარიზმის პრევენციას და ჩვენს ქვეყანაში გადაარჩენს დემოკრატიას და შესაბამისად დემოკრატიის გადარჩენით გადაარჩენს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.