„დღეიდან ვაკის პარკი იმ სითბოსა და ენერგეტიკას იბრუნებს, რაც თაობებს ასე ხიბლავდა“ – გიორგი ტყემალაძე

დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატმა  გიორგი ტყემალაძემ, თბილისის  მერთან კახა კალაძესთან ერთად, ვაკის პარკში არსებული  რეაბილიტირებული მცირე კასკადი და მრგვალი შადრევანი დაათვალიერა.  

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ  ვაკის პარკში სრული რეაბილიტაცია  განხორციელდა და ვაკის პარკის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,  პირვანდელი იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდა.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და განაცხადა.

 

„თითქმის 80 წელია,  ვაკის პარკი თბილისელებისთვის დასვენების, გართობის, ერთმანეთთან ურთიერთობის საყვარელი ადგილია. დღეიდან ეს ადგილი სითბოსა და ენერგეტიკას ახალი ძალით იბრუნებს: თანამედროვე ტექნოლოგიითა და უახლესი მასალებით აღდგა და განახლდა ის სიძველე და ის ტრადიცია, რაც აქ, ამ გარემოში თაობებს ხიბლავდა და უყვარდა.  ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ლანდშაფტის მცირე ცვლილებით განხორციელდა და, შესაბამისად,  მაქსიმალურად შენარჩუნდა პარკის პირვანდელი იერსახე. დღეს დასრულდა მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.  ყველა, ვისაც ეს ადგილი უყვარს, შენიშნავს, რომ სრულად შენარჩუნებულია განახლებული კასკადის ვიზუალი, შეცვლილი წყალმომარაგების სისტემა კი ავტომატიზებული ტექნოლოგიით უზრუნველყოფს შადრევნის მუშაობას.  დამონტაჟდა ახალი განათების სისტემაც,  რომელიც ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს პარკის ვიზიტორებს.“-განაცხადა  გიორგი ტყემალაძემ.

ამჟამად, დასრულებულია მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია, ხოლო დიდი კასკადის  რეაბილიტაცია დასრულება 2023 წლის მარტის თვეში.

გიორგი ტყემალაძესთან ერთად ვაკის პარკში, საკრებულოს წევრები, თბილისის მერის მოადგილე, ვაკის რაიონის გამგებელი და პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ.