გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დღეს  ბრიფინგი გამართა.  გიორგი ტყემალაძე ვაკის პარკის მცირე კასკადის და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციის დასრულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი  ადგილის – ვაკის პარკის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,  პირვანდელი იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდა.

„მე, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ამავდროულად ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დასრულებას.  ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ლანდშაფტის ცვლილებების გარეშე განხორციელდა და პარკის პირვანდელი იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდა. დღეს, უკვე დასრულდა მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციაც. არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო. ჩვენ სრულად განვაახლეთ კასკადის კონსტრუქცია იმავე ვიზუალით, რაც არსებობდა. მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, რომელიც პარკის ვიზიტორებს ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს. ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია 2023 წლის მარტში დასრულდება“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დედაქალაქში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო და მელიქიშვილის გამზირისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიის  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნა და  ყველა საქალაქო მნიშვნელობის პარკის რეაბილიტაციაა. გიორგი ტყემალაძის თქმით, ამ პროცესს თბილისის მერია წარმატებით ახორციელებს.

 

 

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ამ მასშტაბის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა,   რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, უკვე სრულად განახლდა საკომუნიკაციო ქსელი და მალე დასრულდება გამწვანების სამუშაოებიც.  გიორგი ტყემალაძის თქმით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ არსებული ტერიტორიაც სრულად განახლდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო დედაქალაქის მერიას  ამ ინიციატივისთვის. დარწმუნებული ვარ, მელიქიშვილის გამზირი საბოლოოდ  ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი იქნება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და  კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროცესის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროგრამები წარმატებით ხორციელდება, უკვე 2000-ზე მეტ ადამიანს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცა.

„დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ  260 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება. 2017 წელს დაწყებული პროგრამა წარმატებით ხორციელდება, რისთვისაც თბილისის მერია და საკრებულო ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მუშაობს და  მნიშვნელოვანი შედეგებიც გვაქვს. მადლობას ვუხდი ამ პროცესში ჩართულ  ყველა ადამიანს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.