წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს

წალენჯიხის მერის ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლთან მისი პირადი ავტომობილი დაწვეს.

ხარჩილავას განცხადებით, მანქანა 100%-ით გამართული იყო და ამიტომ ის თვითაალებას გამორიცხავს.

„ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. შვილმა რაღაც გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე დავრეკეთ 112-ში. მანქანას ცეცხლი უკვე ეკიდა. ეს არის აქტი, რომელიც ალბათ გზავნილსაც შეიცავს“, – განაცხადა  გია ხარჩილავამ.

 გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს. მისი თქმით, იმის გამო, რომ წალენჯიხა ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს და ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა.

“ვფიქრობ იმაზე, რომ წალენჯიხაში ოპოზიციური, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, ამხელს და წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა.

დასკვნებს ნაჩქარებად არ ვაკეთებ, მაგრამ ესაა სურათი, რასაც ხედავთ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, პირდაპირ მოსკოვის სისტემიზირებული იმპერიის გუბერნია ვართ. ძალიან ბუნებრივია, რუსეთში არსებული კრიმინალური მეთოდები ალბათ, აქაც ჩანერგილია. ჩემთვის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ უფრო აზარტული ვიქნები რეფორმებში, ყველაფერში, რისთვისაც ხალხმა ამირჩია”, – განაცხადა გია ხარჩილავამ.

 

წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.