Credit Suisse Group-მა ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონ დოლარი გადაუხადა

შვეიცარიული ბანკმა  Credit Suisse Group AG-მა  ქართველ მილიარდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ბანკთან ხანგრძლივი სასამართლო დავები აქვს  210 მილიონი დოლარი გადაუხადა.

 ინფორმაციას სააგენტო  Bloomberg -ი  შვეიცარიული ბანკის წარმომადგენლის ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც Bloomberg -ი წერს,  ბანკის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, რომელ საქმეზე გადაუხადა ივანიშვილს თანხა, ასევე არაფერია ნათქვამი სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესზე და არ არის მითითებული თანხის გადახდის ვადები.

სტატიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფს სინგაპურის სასამართლოში უჩივლა და ზარალის ანაზღაურებისთვის 800 მილიონი დოლარი მოითხოვა. ივანიშვილმა ფინანსური ორგანიზაცია დაადანაშაულა, რომ არ დაიცვა მისი ინვესტიციები და არ გადადგა სათანადო ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა დანაკარგი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილ თაღლითობასთან. „კრედიტ სუისის“ სატრასტო დანაყოფი აცხადებდა, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების მართვით, ხოლო ინვესტიციებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ბიზნესმენი და მისი ქართველი ბიზნესკონსულტანტი იღებდნენ და ნებისმიერ ზარალზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებოდათ.

“2018 წელს ლესკადრონი შვეიცარიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რვა წლის განმავლობაში ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ხელმოწერების გაყალბებაში. მან აღიარა გარიგებების გაყალბება და დანაკარგების დამალვა. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბანკის მტკიცებით, ლესკადრონი მარტო მოქმედებდა და თავის დანაშაულს კოლეგებს უმალავდა.

სატრასტო განყოფილების იურისტმა, ლი ენგ ბენგმა აღიარა, რომ „კრედიტ სუისი“ დათანხმდა ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდას, რადგან 2008 წლიდან ვერ უზრუნველყო მისი ქონების ლესკადრონისგან დაცვა. უფრო ფართო შედეგების თავიდან ასაცილებლად, დასკვნითი სიტყვის დროს იურისტმა განაცხადა, რომ ვალდებულია, აანაზღაუროს ეს დანაკარგი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვალდებულება არ ვრცელდება აქტივებთან დაკავშირებული საინვესტიციო საქმიანობისგან მიღებული დანაკარგების პასუხისმგებლობაზე. მარტში ბერმუდის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვეიცარიულმა ბანკმა „კრედიტ სუისმა“ ბიძინა ივანიშვილს 607 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. სასამართლომ დაადგინა, რომ ბანკის სადაზღვევო განყოფილებამ CS Life-მა ლესკადრონის თაღლითობაზე თვალი დახუჭა. CS Life აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს“, – წერს Bloomberg -ი.