ნინო ვარდოსანიძე – ძალადობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არავის ეპატიება

ძალადობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არავის ეპატიება, -ამის შესახებ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ვარდოსანიძემ ძალადობის კუთხით როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და გენდერული ძალადობის ბრძოლის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მეც ვუერთდები და ვიზიარებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. სამწუხაროდ, მსოფლიოში ძალადობის კუთხით მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი, როცა საქმე ქალთა ძალადობას ეხება. სამწუხაროდ, ეს პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას და ხშირად ვისმენთ ინფორმაციას იმ მძიმე შემთხვევებზე, რომლებსაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მიზეზი მსხვერპლი ქალების სიჩუმე და შიში, აგრეთვე ამ ქალების ირგვლივ მყოფი ადამიანების გულგრილობა და უმოქმედობაა.

ეს არის 16-დღიანი კამპანია, თუმცა, ყოველი დღე უნდა იყოს ძალადობასთან შებრძოლების, ამაზე საუბრის და ქმედითი ღონისძიებების გატარებაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხორციელდებოდეს.

ეს ის საკითხია სადაც გულგრილობა და საკითხის არასერიოზულად აღქმა არავის ეპატიება. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს”,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.