ხუთი მიზეზი, რატომ უნდა გაატარო ზამთრის არდადეგები საქართველოში

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გაატარო ზამთრის არდადეგები საქართველოში – საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, ITB Berlin-ის ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ზამთრის კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი განმარტებით, სტატია მოგზაურებს ახალი დანიშნულების ადგილების აღმოჩენაში დაეხმარება.

ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წელს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

„მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გამოფენის ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგი სტატია გამოაქვეყნა. ITB Berlin-ის ციფრულ პლატფორმაზე მოცემულია უახლესი ინფორმაციები ტურიზმის ინდუსტრიისა და ITB-ის საერთაშორისო გამოფენების შესახებ.

„თავგადასავლების მოყვარულთათვის საქართველოს მთიანი პეიზაჟები, ათწლეულებია, მიმზიდველია. ზამთრის ეს სეზონი განსაკუთრებული იქნება, რადგან 2023 წელს ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. თქვენ შანსი გაქვთ, მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ სპორტულ ღონისძიებას დაესწროთ, ასევე მოსინჯოთ თქვენი შესაძლებლობები ზამთრის სპორტში. საკმაოდ პოპულარულია ბაკურიანი, ისევე როგორც საქართველოს სხვა სამთო კურორტები. საქართველოს კურორტებზე გამორჩეული თოვლი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ“, – წერს ITB-ი საქართველოს შესახებ.

სტატიაში აღწერილია საახალწლო ტრადიციები და სტუმარმასპინძლობა.

ITB Berlin-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ბეჭდურ გამოცემაში საპრომოციო სტატიებისა და ფოტოების გამოქვეყნება 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.