გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულომ აცნობა.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი თემა “ადამიანის უფლებები და გარემო – ადგილობრივი პერსპექტივები მდგრადი განვითარებისათვის” იყო.

საკრებულოს ინფორმაციით, კონფერენციაზე კლიმატური ცვლილებებისა და გარემოპირობების გაუარესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი ხელისუფლების როლსა და ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტიან და გრძელვადიან გზებზე ისაუბრეს.

გიორგი ტყემალაძე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და განსახილველი თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ საქართველო იმ რამდენიმე ქვეყანას შორის არის, რომლის კონსტიტუციაშიც ასახულია გარემოს დაცვის უფლება და უმეტესწილად ამ უფლების უზრუნველყოფა ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაშია. გარემოს დაბინძურების უმეტესი წილი სწორედ ქალაქებზე და ქალაქური ტიპის დასახლებებზე მოდის, რომლებიც ეკონომიკურად აქტიურ ცენტრებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ჩვენი აქტივობების იმგვარად დაგეგმვა, რომ დავაბალანსოთ ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესები და ამგვარად, შევქმნათ ჯანსაღი და ღირსეული საცხოვრებელი გარემო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ თბილისის მაგალითიც მოიყვანა და განაცახადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლება, ყოველდღიურად ატარებენ იმგვარ პოლიტიკას, რომელიც გარემოს დაცვის მიზნებს ემსახურება.

„ იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისკენ არის მიმართული, ურბანული დაგეგმარება, შესაბამისი სამოქმედო დოკუმენტების შემუშავება თუ სხვა. ბოლო წლებია საქართველოს მუნიციპალიტეტები ადგილობრივი პროექტების დაგეგმვისას აქტიურად ვხელმძღვანელობთ გარემოსდაცვითი პრიორიტეტებით. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ამ პასუხისმგებლობის გლობალურად აღიარება, სათანადო მოთამაშედ წარმოჩენა და ამ პასუხისმგებლობის განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაც. ვფიქრობ, ამ ლოგიკით, გარემოს ჭრილში ადამიანის უფლების ახლებური გააზრება და ის რეზოლუცია, რაც კონგრესის მიერ იქნა მიღებული არის ახალი შესაძლებლობა პროექტის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის გასაგრძელებლად“ , – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმაც მიიღო.

ლევან დავითაშვილმა, იტალიელ კოლეგასთან, კასტელ მაჯორეს მერთან, ბელინდა გოტარდისთან ერთად, თემაზე „ჯანსაღ გარემოზე ფუნდამენტური უფლება: საკითხი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის“ მოხსენება წაიკითხა.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში დაიგეგმა, რაც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიის გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.