გიორგი ტყემალაძე „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე  საკრებულოს წევრებთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში  „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დასკვნით  ღონისძიებას  დაესწრო. 

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით განხორციელდა  მასშტაბური ფესტივალი „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“,  რომლის ფარგლებშიც ტურნირები სპორტის 15 სახეობაში და კულტურული მიმართულების ტურები ჩატარდა. 

ღონისძიება  მასშტაბურად  ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიხურა. საზეიმო ცერემონიაზე დააჯილდოვეს გამარჯვებული უნივერსიტეტები სხვადასხვა მიმართულებით, ასევე  კულტურის მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები გამოვლინდნენ. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი  ტყემალაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ფესტივალის  მნიშვნელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს  გამარჯვება მიულოცა. 

„ დღეს დასრულდა თბილისის “სტუდენტური ფესტივალის 2022”,  ფესტივალში, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად ტარდება,  50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ასეთი პროექტების მიზანი გახლავთ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მათი უნარების განვითარება და გაძლიერება, გუნდურობის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაცია.  ვფიქრობ, ეს ფესტივალი საუკეთესო საშუალებაა, ახალგაზრდებმა შეიძინონ ახალი მეგობრები და ახალი გამოცდილება, ასევე გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები, ცოდნა, უნარები და შეძლონ მათი რეალიზაცია ცხოვრების დიდ ასპარეზზე“-  განაცხადა გიორგი ტყემალაძემ 

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში  მონაწილეობა საქართველოში  მოქმედი 34  სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის  50 000-ზე მეტი სტუდენტმა მიიღო. 

ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და ყოველწლიურად  ტარდება. მისი  მიზანია ცხოვრების  ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის  რეალიზაციის  ხელშეწყობა. 

პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერი, საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

საღამო  კი ახალგაზრდული ბენდის კონცერტით  და დიჯეის პროგრამით  დასრულდა.