ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონეს ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ადვოკატის განცხადებით, ბინის მეპატრონის, ზაურ ბუდაგოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

„საერთო ჯამში სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია უკანონო მშენებლობებმა. კორპუსზე ნახავდით მიშენებულ აივნებს, გადაკეთებულ ბინებს, მაგალითად ერთ ოთახიანი, ორ ოთახიან ბინად და ა.შ. არ ვეთანხმებით ექსპერტიზის დასკვნას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მიღებულ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ“, – აცხადებს ადვოკატი რამინ პაპიძე.

ცნობისთვის, გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სართულზე ბინის მეპატრონე და ამავე ბინაში დასაქმებული მუშები დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია.