სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად უმასპინძლებს პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს

კვირას, 3 ივლისს, თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტარდება 2021-2022 წლების სეზონის უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC – Internatimal Collegiate Prohgramming Contest) ნახევარფინალი ე. წ. ჩრდილო ევრაზიის  ზონაში (NERC – Northern Eurasia Regional Contest) შემავალი აზერბაიჯანისა და საქართველოს გუნდებისთვის. ეს ზონა ფარავს პოსტ-საბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილს (უკრაინის, მოლდავეთისა და ბალტიისპირეთის გამოკლებით) და ნამდვილად უძლიერესია მსოფლიოს ნახევარფინალურ ზონებს შორის. საკმარისია ითქვას, რომ აგერ უკვე 15 წელიწადზე მეტია, რაც ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატის მედლების ნახევარი ამ ზონის წარმომადგენლებზე მოდის. ცხადია, სისტემატიური მონაწილეობა ძლიერი შემადგენლობის შეჯიბრებებში სასიკეთოდ აისახება ყველა მონაწილეზე და ხელს უწობს მათი პროფესიული დონის ზრდას. 

წელს პირველად ამ ოლიმპიადის ისტორიაში, აღნიშნულ ზონაში ტარდება მეორე ნახევარფინალური რაუნდი. ეს გამოწვეულია ჩვენთვის ყველასთვის სამწუხარო გარემოებით – 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით.

1 მარტს, როდესაც ჩვენმა პეტერბურგელმა კოლეგებმა (ჩრდილო ევრაზიის ნახევარფინალური ზონის ხელმძღვანელებმა) შეგვატყობინეს ზონის ფინალის (მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის)  13 აპრილს ჩატარების დაგეგმვის თაობაზე, ჩვენ უყოყმანოდ უარი ვთქვით ამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ვფიქრობ, გასაგები მიზეზების გამო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ NERC-ის ხელმძღვანელობასთან ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა  ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საუკეთესო ურთიერთობები, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომელთა გვერდის ავლა შეუძლებელია. 

პრინციპში, ჩვენ მზად ვიყავით საერთოდ არ მიგვეღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის გამოკვეთილი ლიდერის, თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი გუნდის (ვანო და ბაქარ გამეზარდაშვილები, ალექსანდრე ხოხიაშვილი, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი) მზადყოფნა სეზონის გამოტოვებაზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომავალ სეზონში ეს გუნდი, რომელიც მოცემული მომენტისთვის მსოფლიო ფინალის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად გამოიყურება, შემადგენლობას ვერ შეინარჩუნებს. ჩვენდა სასიხარულოდ, ICPC-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ფინალის 1 ადგილი გამოეყო NERC-ის იმ გუნდებისთვის, რომლებმაც ვერ მიიღეს მონაწილეობა 13 აპრილს ჩატარებულ ღონისძიებაში. ვალდებული ვარ ხაზი გავუსვა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა NERC-ის ხელმძღვანელობის ინიციატივით. შედეგად, საქართველოს და აზერბაიჯანის გუნდებისთვის, რომლებიც დაშვებული იყო NERC-ის ფინალში, ეს იქნება სრულფასოვანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა აზერბაიჯანის 29 და საქართველოს 19-მა გუნდმა.

ტრადიციულად, ამ შეჯიბრებას დამატებით ექნება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის სტატუსი. მოწვევები დაეგზავნა, პირველ რიგში, ჩვენს კოლეგებს სომხეთიდან, რომლებმაც საკმაოდ წარმატებულად მიიღეს მონაწილება 13 აპრილის ოლიმპიადაში. ცხადია, ამ გუნდებისთვის ოლიმპიადას ექნება მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის სტატუსი.

უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციით, სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატში სისტემატიურად მონაწილეობს უკრაინის საუკეთესო გუნდები. ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ წელსაც მონაწილეთა შორის გვეყოლება უკრაინის წარმომადგენლები და მოუთმენლად ველით მათგან დასტურს ჩამობრძანებაზე. აღსანიშნია, რომ პანდემიამდე ჩატარებული სამხრეთ კავკასიის 2019-2020 წლების სეზონის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულია ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდი. ამავე შეჯიბრებაზე მესამე ადგილი დაიკავა უჟგოროდის ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა.

შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს საუკეთესო მოსწავლე-პროგრამისტებისგან დაკომპლექტებული რამდენიმე გუნდი.

ოლიმპიადის განრიგში შედის სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა, რომელიც ჩატარდება ორშაბათს, 4 ივლისს. 

პირველი ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა 2000 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. ღონისძიების პირველი დირექტორი იყო სტუ თანამშრომელი, ზურაბ გოგიშვილი. სტუმ უმასპინძლა ამ ღონისძიებას 2001 და 2002 წლებშიც. 2003, 2004 და 2006  წლებში სამხრეთ კავკასიის გუნდებმა თავი მოიყარეს ერევანში, სადაც შეჯიბრებას უმასპინძლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამ წლებში ღონისძიების დირექტორი იყო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვაჰრამ დუმანიანი. 2005, 2007 და 2008 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი სამხრეთ კავკასიის გუნდებისთვის ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 2009 წელს ღონისძიებას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.

2010 წელს, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, შეჯიბრების მასპინძელი კვლავ საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. ამ წლიდან მოყოლებული, 2016 წლის ჩათვლით, შეჯიბრებას მხოლოდ სტუ მასპინძლობდა. 

2017 და 2018 წლებში ღონისძიებას უმასპინძლა ევროპის უნივერსიტეტმა. 

2019 წელს პირველად ამ ღონისძიებას უმასპინძლა ქალაქ თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (ბტუ). ამ წელს შეჯიბრებამ თავი მოუყარა მონაწილეთა სარეკორდო რაოდენობას.

2020 და 2021 წლებში ჩვენთან პროგრამირების ოლიმპიადები ტარდებოდა მხოლოდ დისტანციურად.  

წელს ოლიმპიადას მასპინძლობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტს აქვს დაპროგრამების ოლიმპიადების მასპინძლობის საკმაოდ მდიდარი ტრადიციები. აქ არაერთხელ ჩატარდა უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი საქართველოს გუნდებისთვის, ასევე არაერთხელ ჩატარდა სხვადასხვა მასშტაბის მოსწავლეთა ოლიმპიადები, 2018 წელს ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიადა ილია ვეკუას თასზე, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს და სამხრეთ კავკასიის ღია პირველობას სსუ მასპინძლობს პირველად. ნიშანდობლივია, რომ ეს ხდება წელს, როდესაც უნივერსიტეტი აღნიშნავს მისი დაფუძნების 90-ე წლისთავს.

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს საგანმანათლებლო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ცნობილი დიპლომატი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფ. ნინო თოფურიძე, ტექნიკური კომიტეტის თავმჯდომარეა სტუ-ს პროფესორი, ნანა გულუა. მოყოლებული 2007 წლიდან ოლიმპიადას ყავს უცვლელი ჟიურის თავმჯდომარე, სტუ-ს პროფესორი, ჰამლეტ მელაძე და დირექტორი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, თეოდორე ზარქუა.

წელს ღონისძიებას ყავს გლობალური სპონსორი კომპანია Huawei-ს სახით და ასევე ლოკალური სპონსორები ქართული კომპანიების «სოფტგენის» და «ალტა-სოფტვეარის» სახით.

მსოფლიო ჩემპიონატი პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებლებს შორის (ICPC) სამართლიანად მიიჩნევა ყველაზე მაღალპრესტიჟულ ინტელექტუალურ შეჯიბრებად მსოფლიოში.

სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პირველად 2008-2009 წლების სეზონში გავიდა. სასიხარულოა, რომ ეს იყო გუნდი საქართველოდან და ორმაგად სასიხარულოა, რომ იგი პრიზიორთა შორის აღმოჩნდა. ეს იყო თსუ გუნდი (ნიკა ჯიმშელეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, გიორგი ლეკვეიშვილი, მწვრთნელი თეოდორე ზარქუა), რომელმაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ცხადია, ასეთი ძლიერი ზონიდან ფინალში გასვლა უაღრესად რთულია, ამიტომ მეორედ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი ფინალში მოხვდა მხოლოდ 2014-2015 წლების სეზონში და ეს იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი (თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი, ნიკა სვანიძე, მწვრთნელები ზაზა გამეზარდაშვილი და გიორგი საღინაძე). როგორც ვხედავთ, ეს ისევ საქართველოს წარმომადგენელია. მესამედ სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი ფინალში მოხვდა 2015-2016 წლების სეზონში და ეს გახლდათ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი პროფ. არმენ ანდრეასიანის მეთაურობით. მეოთხედ ფინალში სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელი 2017-2018 წლები სეზონში გავიდა. ეს იყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი (მარიამ ქსოვრელი, ნიკა სვანიძე, ნიკოლოზ ნარუშვილი, მწვრთნელი გიორგი მანდარია). ამის შემდეგ თითო ჯერ მოხვდა ფინალში ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელთა მეორე და ყველა შემდეგ გასვლას ფინალში მაღალი ადგილების დაკავება არ მოყოლია. აქედან ყველაზე კარგად იასპარეზა 2020 წლის ფინალში (რომელიც პანდემიის გამო 2021 წელს ჩატარდა) თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა ზუსტად ზემონახსენები შემადგენლობით, რომელიც დღევანდელი დღისთვის უცვლელად არის შენარჩუნებული და ჩვენი შეჯიბრების უმთავრეს ფავორიტად განიხილება. ამ გუნდმა თითქმის 120 ფინალისტს შორის პირველ 50-ში დაიმკვიდრა ადგილი. როგორც ვხედავთ, ნიკა სვანიძე, ჯერ-ჯერობით, ერთადერთია საქართველოდან, ვინც 2-გზის მიიღო მონაწილეობა დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. სიტყვამ მოიტანა და საქართველოს წარმომადგენელი კიდევ ერთხელ იყო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მონაწილეებს შორის. 2013 წლის ფინალში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა რატი გელაშვილმა, რომლის მწვრთნელი მოსწავლეობის პერიოდში გახლდათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი მანდარია. საბოლოოდ, ამ გუნდს მედლებამდე დააკლდა მხოლოდ ერთი ამოცანის ჩაბარება…წელს, 13 აპრილს ჩატარებულ ნახევარფინალში ძალიან ძლიერად გამოვიდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები. მათგან საუკეთესო აღმოჩნდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი Yerevan SU: 2813, რომელმაც დამაჯერებლად მოიპოვა ICPC-ს ფინალში ასპარეზობის უფლება. ამრიგად, მოცემული მომენტისთვის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც უკვე 3-ჯერ მოიპოვა ICPC-ს ფინალში ასპარეზობის უფლება. 

შეჯიბრების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დაგვრჩა. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს შესანიშნავ ახალგაზრდებს!

თეოდორე ზარქუა

შეჯიბრების დირექტორი,

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი.