გიორგი ჩაკვეტაძემ საზოგადოებას გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს შენობაში შეკრებილ საზოგადოებას 2021-2022 საანგარიშო წლის განმავლობაში მისი უშუალო ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ანგარიში მოიცავს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ქალაქის შვიდივე პრიორიტეტულ მიმართულებასა და სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციას.

გიორგი ჩაკვეტაძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საკრებულოსა და ბიუროს, ასევე ფრაქციის ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ სხდომებში და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში მუშაობის თაობაზე.

ასევე, დეტალურად ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.

მისივე თქმით, კომისიამ მხარი დაუჭირა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რამაც ხელი შეუწყო დედაქალაქში სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელებას.

გიორგი ჩაკვეტაძის ინფორმაციით, 2021-2022 წლების პერიოდში მუნიციპალიტეტს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა დაემატა როგორც სპორტის, ისე ახალგაზრდობის მიმართულებით. მათ შორის: ,,სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა’’ და „სპორტი უფროსი თაობისთვის’’.

ამასთანავე, სპორტული ღონისძიების ფარგლებში დაფინანსდა 32 სპორტული ფედერაცია და განხორციელდა 200-ზე მეტი პროექტი.

„გიორგი ჩაკვეტაძემ პრეზენტაციის სახით სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში მიმდინარე პროექტების თაობაზე ისაუბრა და არაერთი მსხვილი ახალგაზრდული პროგრამის დაფინანსების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.

კომისიის თავმჯდომარემ საკითხით დაინტერესებულ პირებს ასევე კომისიის ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 2018 წელს დაფუძნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი, ხოლო 2019 წელს კი დაიწყო და წარმატებით გრძელდება პროექტი ,,სასკოლო ლიგა’’ სპორტის სამ სახეობაში (მინი ფეხბურთი, სროლა, ხელბურთი). სასკოლო ლიგა 2022 წელსაც გაიმართა.

დეპუტატმა ასევე კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში’’ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოში ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს, ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს, ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრებს უმასპინძლეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ფარგლებში მონიტორინგი გაეწია სხვადასხვა მშენებარე ობიექტს, მათ შორის: მზიურის სპორტულ მოედანს; დიდუბის რაიონში დაბრუნებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასა და სხვა ობიექტებს.

დღესვე, საქმიანობის წლიური ანგარიში საკრებულოს წევრმა აკაკი ალადაშვილმა წარმოადგინა და საკრებულოსა და კომისიის სხდომებში საკუთარი საქმიანობის თაობაზე დეტალურად ისაუბრა.

ანგარიშის პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თბილისის მერიისა და საკრებულოს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტული ფედერაციების, საერთაშორისო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.