ვეტერანთა ჰოსპიტალმა დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქცია მოიცავდა თერაპევტის, გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ნევროლოგის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ლაბორატორიულ კვლევებსა და კარდიოგრამას.

„აქციის ფარგლებში კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 65 ბენეფიციარს – 22 ვეტერანსა და ვეტერანის ოჯახის 43 წევრს. განხორციელდა 260 სამედიცინო ვიზიტი. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას იღებდა ვეტერანთა ჰოსპიტლის მედიკოსთა 12-კაციანი ჯგუფი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე ადგილობრივი სამმართველოების თანამშრომლებთან ერთად, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, შალვა ინაშვილი.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვეტერანებს წინასწარ მიეწოდებათ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.