“ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის უპირობო არჩევანია- ლევან ჟორჟოლიანი

ბრიუსელში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი ლიდერების მე-4 ფორუმის ფარგლებში, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ბალკანეთის ქვეყნების დელეგაციებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, ჟულიენ ბურტემბურგთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული განყოფილების პოლიტიკურ ოფიცერთან, მიხალ მადლთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის უპირობო არჩევანია. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდში უდგანან. მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი პარტნიორობის გაღრმავების ახალ გზებსაც შეეხო.

„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების დიდი ნაწილის იმპლემენტაცია სწორედ მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებში შედის. შესაბამისად, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების გვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ყველგან მკაფიოდ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიცია, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩვენი არჩევანია.

თავის მხრივ, ჟულიენ ბურტემბურგმა და მიხალ მადლმა სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს და იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი ორ ქვეყნის შემდეგ, უკვე მესამესაც მალე მიენიჭება. ბუნებრივია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრი და ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) ვიცე-პრეზიდენტი ნინო რუხაძე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა.