“მშვიდობა არის მთავარი გამოწვევა და მშვიდობა არის მთავარი სურვილი” – ოთარ გრიგოლია

„მშვიდობა არის მთავარი გამოწვევა და მშვიდობა არის მთავარი სურვილი“ – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია დედაქალაქის მთავარი სლოგანის ირგვლივ ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს. როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, ახალი სლოგანი გამოხატავს სურვილს, რომ ქვეყანაში, მეგობარ უკრაინაში და ზოგადად რეგიონში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ოთარ გრიგოლიასთვის გაუგებარია, თუ როგორ და რატომ ხედავენ ოპონენტები სიტყვა მშვიდობაში ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ განწყობებს.

„ჩვენთვის ყველასთვის მთავარი ღირებულება არის მშვიდობა, რომლის მიღწევაც საქართველომ, საბედნიეროდ, მოახერხა. არ ვიცი, როგორ შეძლეს ჩვენმა ოპონენტებმა და სიტყვა მშვიდობაში დაინახეს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული განწყობები. ვფიქრობ, რომ მშვიდობა არის ის ღირებულება და ის სიკეთე, რომელიც ჩვენ ყველას თანაბრად გვჭირდება. მითუმეტეს სურვილი, რომ თბილისი იყოს მშვიდობის ქალაქი არის ძალიან კეთილი სურვილი. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, ის სპეკულაციები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით გაჟღერდა არაადეკვატურია. არ მესმის, რატომ აქვთ ოპონენტებს სიტყვა მშვიდობისადმი ასეთი არაჯანსაღი დამოკიდებულება. მშვიდობა არის ის, რაც ყველაზე აქტუალურია დღეს ჩვენს რეგიონში“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ლიდერის თქმით, თბილისი ყოველ წელს ახალი სლოგანით ხვდება და ამაში გასაკვირი არაფერია. ოპონენტებს კი ყოველთვის აქვთ სურვილი, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დააზიანონ.

„თბილისის სლოგანი იყო სოლიდარობით სავსე ქალაქი, იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი, სიყვარულით სავსე ქალაქი. ახლა კი არის თბილისი – მშვიდობის ქალაქი. მშვიდობა არის მთავარი გამოწვევა და მშვიდობა არის მთავარი სურვილი“ – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.