დედაქალაქის მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესი დაწყებულია – კახაბერ ლაბუჩიძე

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა – კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს სხდომაზე, ავარიული შენობებისა და  ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებს  ექსპლუატაციის ვადა 30 წელია გაუვიდა და ამ დრომდე, ვერცერთმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა,  „ქართულ ოცნებას“ ე.წ. ხრუშჩოვკების სახით უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა დახვდა, თუმცა  დედაქალაქის მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„აღნიშნულ პრობლემაზე წინა მოწვევის საკრებულომ დაიწყო მუშაობა და დღეს უკვე, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარეობს. ეს ძალიან სასიხარულო და ათასობით ოჯახისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით კი, ავლაბრელებისთვის, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა ამ მხრივ. მახარებს ის ფაქტი,  რომ წინასაარჩევნო დაპირებებს ვასრულებთ და ჩემს სამაჟორიტაროს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ყველა პრობლემის გადაჭრაში ვეხმარებით“ – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

კახა ლაბუჩიძემ ყურადღება ძველი თბილისური ეზოების მდგომარეობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებითაც დროული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობისა და  ინვესტორების ინტერესები და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობები თანხვედრაში იყოს.