უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია სამშობლოში ჩამოასვენეს. მას ხვალ ზუგდიდში დაკრძალავენ.

დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.

დაღუპული მებრძოლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს ჰიმნის ფონზე გამოასვენეს. 

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქის მიმდებარედ იბრძოდა.

„როცა ომი დაიწყო, მაშინვე მოხალისედ ჩაეწერა და იბრძოდა პირველივე წუთიდან, არცერთი წამით უკან არ დაუხევია. გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე უკრაინელ მებრძოლთან მქონდა კომუნიკაცია და ყველა მეუბნებოდა, რომ ბიძაჩემი გმირი იყო და საქართველოს და უკრაინის მხარდამხარ იბრძოდა. დონეცკის ოლქში დაიღუპა, ბახმუტის ტერიტორიაზე შეტაკებების შედეგად. სამწუხაროდ, რამდენიმე უკრაინელ მებრძოლთან ერთად ნაღმზე აფეთქდა,“ – აღნიშნავს გარდაცვლილის ახლობელი ქეთევან სიგუა.