„ბრძანებულება, რომელიც ოპონენტებმა წარმოადგინეს მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ“ – რევაზ სოხაძე

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ დღეს გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ატენის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2011 წელს იმდროინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ  10.0 კოეფიციენტით გასცა.  ეს კოეფიციენტი კი დღეს ორჯერ შემცირებულია. 

 

რევაზ სოხაძემ ოპონენტებს მოუწოდა, სანამ ბრალდებებს წამოაყენებენ, კარგად წაიკითხონ დოკუმენტი, სადაც ყველაფერი გარკვევით წერია.

„ჩვენმა ოპონენტებმა დღეს მე ტყუილში დამადანაშაულეს.  ის ბრძანებულება, რომელიც  წარმოადგინეს მათ ბოლომდე წაკითხულიც არ აქვთ. ბრძანებულებაში გარკვევით წერია, რომ K2 კოეფიციენტი 10.0-ის მაგივრად, 5.0 -ით განისაზღვრა. ანუ, ორჯერ შემცირდა. რაც შეეხება 33 ათას კვადრატულ მეტრ სამშენებლო ფართს, ეს ფართი მიწისქვეშა ტერიტორიასაც მოიცავს. ძველი ნებართვა, რომელიც  2011 წელს, კოეფიციენტის გადამეტებით გაიცა, K2 კოეფიციენტში  კიბის უჯრედს, აივანსა და ტერასას არ მოიაზრებდა. შესაბამისად, ახლა განაშენიანების ფართობში ეს ფართი შედის. სწორედ  ამიტომ მივიღეთ ციფრი 33 ათასი კვადრატული მეტრი. K2 განაშენიანების ფართობი კი  15 763 კვადრატული მეტრია“, – განაცხადა რევაზ სოხაძე.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპონენტებს დოკუმენტის სრულად შესწავლას და გააზრებას ურჩევს.