“მანიპულირებენ თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს აუზში ჩაყარეს ქლორი”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ვიდეომასალას, თითქოს ბავშვების საცურაო აუზში ყოფნის დროს მოხდა წყლის ქიმიური დამუშავება.

 

​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროდ კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას.

 

„მინდა, შევეხო ერთ არასასიამოვნო საკითხს. სამწუხაროდ კონკრეტული მედიის მხრიდან ადგილი აქვს საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას, სიცრუის პროპაგანდას. საქმე ეხება სპორტულ ცენტრ „იმედს“, სადაც გადაღებული ვიდეომასალა, სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გასულ კვირას გამოაქვეყნა. ამას მოყვა ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება, განცხადებების გავრცელება და ა.შ. მოქალაქის ინფორმაციით, თითქოს ვიდეოში ასახულია მოცურავე ბავშვებით სავსე საცურაო აუზი და ამ დროს აუზში წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ქლორის დამატება, რის გამოც რამდენიმე დღის წინ ბავშვებმა და მწვრთნელებმა თითქოს მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე. რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია  პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც ყოველდღიურად ხდება სწრაფი ტესტებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მყისიერად ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება, რომელმაც აჩვენა, რომ ქლორი და „პიეიჩის“ მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ასევე სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით ამ დღეების განმავლობაში არც ერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო.

 

„ამის მიუხედავად, ჩვენ ჩავატარეთ დამატებით კვლევები, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურად ხდება წყლის სინჯების აღება სწრაფი ტესტებით, დამატებითი ორი კომპლექსური კვლევა დავუკვეთეთ და პასუხებიც გვაქვს. შესაძლებელია, ეს ყველაფერი ვაჩვენოთ მედიას, რომ აბსოლუტურად ყველფერი ნორმაშია, თუმცა პრობლემა არსებობს – პრობლემა არის იქ მომუშავე რადენიმე თანამშრომელი, რომელმაც გაავრცელა მიზანმიმართული სიცრუე და შეეცადა ადამიანები შეეყვანა შეცდომაში. ჩვენი მხრიდან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. არ მინდა, ვისაუბრო ამ თანამშრომლებზე, იმ რეალურ პრობლემაზე, რაც არის და რაც აქვს იმ კონკრეტულ და ყოფილ თანამშრომელს. არ მინდა, ამ პრობლემაზე საუბარი, თუმცა პრობლემა იქნება ამოწურული და შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ასეთი თემებით საზოგადოებით მანიპულირება არის ძალიან სამარცხვინო.

 

„მთლიან მუნიციპალიტეტი, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ კითხვას გასცენ კომპეტენტური პასუხი. თუმცა, რას ვიზამთ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვერ ჩავერევით თქვენს დღის წესრიგში, თქვენ შეგიძლიათ, იმოქმედოთ, როგორც თქვენ თვლით საჭიროდ. მე, როგორ დედაქალაქის მერი, ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე და ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში. ყოველთვის საზოგადოებას ვეტყვით რეალობას და ყოველთვის ვეტყვით სიმართლეს. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, დაამთხვიეს ამ ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და, რომელიც თავზარდამცემი იყო ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს. არაუშავს, ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას და ყოველთვის საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თემებთან დაკავშირებით.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ აუზში წყლის ქიმიური დამუშავებისთვის გამოიყენება ესპანური წარმოების ქლორი, რომელსაც აქვს შესაბამისი სერთიფიკატები“, – განაცხადა კახა კალაძემ.