“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან „წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში“ – გიორგი გახარია

გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

მისივე შეფასებით, უახლოესი 1-2 წლის განმავლობაში გადაწყდება ბედი იმ მიღწევებისა და შეცდომების, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაუშვა.

 

„ერთი რამ უნდა იცოდეთ – გპირდებით, დღეს საქართველოში არის ისეთი მომენტი, თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. დღეს საქართველოში ისეთი პერიოდია, რომ ვინც აქ იდგა, ვის რა პოზიცია ჰქონდა, ვინ რას აკეთებდა, ეს არსად გაქრება და პასუხისმგებლობის პერსონალიზირება მოხდება. ეს ასე იქნება, რადგან ისტორია სიცარიელეს ვერ იტანს.

 

დღეს გაჩნდა გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყანამ მოიგოს 20-30 წელი. წარმოგიდგენიათ, საქართველოსთვის რას ნიშნავს მოიგოს 20-30 წელი? ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს ასე სწრაფად, არ იქნებოდა. ერთის მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები, მეორე მხრივ ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული. ისტორია ამას შეაფასებს, ამას ვნახავთ და დარწმუნებული ვარ ამაში“, – აღნიშნა გახარიამ.

 

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან „წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში“.

 

„ვიღაც რომ გამოდის და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85-95%, სრული კონსენსუსია სად უნდა იყოს საქართველო და სად არის საქართველოს მომავლის ადგილი და უცებ ჩნდება შესაძლებლობა შემთხვევით, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და დრო მოუგო ისტორიას, წლები მოუგო და უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაც გამოდის, იდიოტი და ამბობს, რომ „ასეთი ევროპა არ მინდა“. აბა ადამიანების იმ 85%-ს ჰკითხოს, უნდა ასეთი ევროპა თუ არა? აბა იმ 85%-ს ჰკითხოს, მათ უნდათ ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო მთავრობა, უნდათ? პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს. ჩემ თავსაც ვეუბნები ამას.

 

მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა „მე წავედი პოლიტიკიდან“ – ის წავიდა იმისთვის, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით რასაც ახლა აკეთებს, რომ აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.