“არასოდეს ისეთი ძლიერი არ ვყოფილვარ, როგორც დღეს, არასოდეს ისეთი მართალი არ ვყოფილვარ როგორც დღეს”-გიორგი გახარია

20 ივნისს ბევრად უფრო დიდი რუსული საქმე იყო პარლამენტში შეჭრა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

“ისე, როგორც აკეთებდნენ, ძალოვნებზე, პოლიციელებზე თავდასხმა, ესეც იყო სუფთა რუსული საქმე და შედეგობრივად, რომელი საქმე იქნებოდა რუსეთისთვის სასარგებლო, კაციშვილმა არ იცის. მეორე – ახლა მე ამას ვიტყვი და დავამთავრებ ამ თემაზე საუბარს – ვინ დააინიცირა საქართველოს პარლამენტში ამნისტია 20 ივნისთან დაკავშირებით? მე და ჩემი გუნდი ვიყავით ამ ამნისტიის წინააღმდეგი და ვამბობდით, რომ უნდა შეეხოს მხოლოდ რიგით პოლიციელებს და მოქალაქეებს, და არც ერთ შემთხვევაში არც ერთ პოლიტიკურ პირს, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ არის დაინტერესებული, რომ 20 ივნისი ძირეულად არ იყოს გამოძიებული. მე ახლა ამ თემას ესე ჩამოვკიდებ ჰაერში, მაგის დროც მოვა და როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან შერცხვებათ”, – განაცხადა გახარიამ “ტვ პირველის” ეთერში.

 

კითხვაზე, გასცა თუ არა 20 ივნისის ბრძანება ივანიშვილმა, გახარია პასუხობს, რომ არა. 

 

რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა, რომ 20 ივნისის საქმეზე მისი დაკავება მოხდეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არა.

 

“არ მგონია. ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ არა.

 

არასოდეს ისეთი ძლიერი არ ვყოფილვარ, როგორც დღეს, არასოდეს ისეთი მართალი არ ვყოფილვარ როგორც დღეს”, – განაცხადა გახარიამ.