აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულება გააუქმა, რომელიც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას კრძალავდა, – ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი” წერს.
გამოცემის მიხედვით, მოსამართლის განცხადებით, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და აღნიშნული პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგებოდა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ ვიზებზე უარის თქმა საჭირო იყო, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ.
„ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ სასამართლომ კი დაადგინა, რომ სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. კანონით კი თითოეული განმცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა.
სიაში შესული 75 ქვეყნის უმეტესობა აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებია, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებიც – იორდანია და ეგვიპტე.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი” წერს, გადაწყვეტილება აუქმებს ყველა იმ სავიზო უარს, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა და შესაძლოა, ათასობით განაცხადის ხელახალი განხილვა გახდეს საჭირო.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

