“შეუძლია თუ არა მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანება?”-The Economist

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის” (The Economist) 15-21 აგვისტოს ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეუძლია თუ არა მოლდოვას რუმინეთთან გაერთიანება?“, რომელშიც განხილულია მოლდოვას ალტერნატიული გზა ევროკავშირისაკენ – თუ კიშინიოვს ევროკავშირში არ მიიღებენ, მაშინ მოლდოვა  რუმინეთს – ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანას – შეუერთდება (მასთან გაერთიანდება), რომლის ნაწილი XX საუკუნეში, 22 წლის განმავლობაში იყო. ანუ გამორიცხული არ არის, რომ მოლდოვა [როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა]  გაქრეს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 

მოლდოვას რესპუბლიკა ისწრაფვის ევროკავშირის წევრი 2030 წლისათვის გახდეს, მაგრამ კიშინიოველმა ლიდერებმა ამას წინათ ასევე წამოაყენეს იდეა რუმინეთთან სავარაუდო გაერთიანების თაობაზე – იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვას მიღება დაიბლოკება.

 

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ხმას მისცემს რუმინეთთან გაერთიანებას. ქვეყნის ვიცე-პრემიერის ეუჯენ ესმინესკუს თქმით, რუმინეთთან გაერთიანება მოლდოვას გეგმა „ბ“-ს წარმოადგენს. თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი და სხვა რუმინელი პოლიტიკოსები გაერთიანებას მხარს უჭერენ.

 

მოლდოვას მოსახლეობის უმეტესობა რუმინულ ენაზე ლაპარაკობს და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი 1918-1940 წლებში რუმინეთის შემადგენლობაში არსებობდა (ბესარაბიის სახით). სხვათა შორის, 1924-1940 წლებში მოლდოვას ავტონომია არსებობდა უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაშიც (დღევანდელი დნესტრისპირეთის სახით). 1939 წელს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად, 1940 წლის ივნისში რუმინეთი იძულებული გახდა ბესარაბია (და ჩრდილოეთი ბუკოვინა) სსრკ-სთვის დაეთმო.

საფრანგეთი მოლდოვას წინააღმდეგ?

 

 არსებობს ალბათობა იმისა, რომ მოლდოვას რესპუბლიკა 2030 წლისათვის შეასრულებს ევროკავშირში წევრად მიღების პირობებს, თუმცა ინტეგრირების პროცესი შეიძლება ფრანგმა ევროსკეპტიკოსებმა დაამუხრუჭონ. საფრანგეთის კონსტიტუცია ითხოვს, რომ სანამ ქვეყნის მთავრობა ევროკავშირში ახალი წევრის მიღებას დაეთანხმება, აუცილებელია ჩატარდეს რეფერენდუმი ან პარლამენტის ორივე პალატის წევრთა ორმა მესამედმა მხარი დაუჭიროს.

ასეთ პირობებში მოლდოვას შანსი მიზერულია. უფრო მეტიც – 2029 წლისათვის საფრანგეთის პრეზიდენტი შეიძლება მარინ ლე პენი გახდეს, უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტი პოლიტიკოსი, რომელიც ევროკავშირის გაფართოების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, პარიზული სცენარის გამო კიშინიოვის გეგმა „ბ“ შეიძლება ერთობ მიმზიდველი აღმოჩნდეს მოლდოვასათვის: რადგან  მოლდოვა და რუმინეთი ძალიან ჰგავნან ერთმანეთს, მოხდება ისე, როგორც ორი გერმანიის – დასავლეთის და აღმოსავლეთის – გაერთიანებით განხორციელდა.

რას ფიქრობენ თვითონ რუმინელები და მოლდოველები?

 

რუმინეთში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მოწმობენ, რომ გაერთიანებას მხარს მოსახლეობის 70% უჭერს. მოლდოვაში კი მხოლოდ 40%-მდე, თუმცა რაოდენობა თანდათან მატულობს. როგორც იულიან გროზა, ანალიტიკური ცენტრის „ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი ამბობს, რუმინეთთან გაერთიანების იდეის მომხრეთა რიცხვი ბოლო ათწლეულში გაორმაგდა და შესაძლოა უახლოეს წლებში 50%-ს გადააჭარბოს.

 

ამჟამად მოლდოვას მოსახლეობა 2,9 მილიონს ადამიანს შეადგენს და ზოგიერთი შეფასებით, დაახლოებით 850 ათას მცხოვრებს რუმინეთის მოქალაქება აქვს მიღებული. ბევრისათვის მოქალაქეობის მიღება პრაგმატულ საკითხს წარმოადგენს – მათ, როგორც რუმინეთის, ანუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, უფლება აქვთ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაონ.

 

იგივე პრაგმატიზმმა შეიძლება ზოგიერთ მოლდოველს გაუღვიძოს სურვილი – უარი თქვას დამოუკიდებლობაზე და რუმინეთთან მიერთებით თავი ევროკავშირისა და ნატოს წევრად იგრძნოს. სხვათა შორის, ბევრი მოლდაველი მონაწილეობდა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის შედეგად პრეზიდენტი ნიკუშორ დანი გახდა.

 

როგორც რუმინელი ექსპერტი რუფინა ზამფირი თვლის, ამჟამად რუმინეთთან გაერთიანება არ უნდა ჩაითვალოს მოლდოვას მოკლევადიან პრიორიტეტად: „კიშინიოველი ლიდერების განცხადება ნიშნავს, რომ ისინი ევროპელ პარტნიორებს მიანიშნებენ – თუ ევროკავშირში მიღების პერსპექტივა გადაიდება ან შესუსტდება, მაშინ გეგმა „ბ“-ს მიმართ ნდობა გაიზრდება… და ისეთ წონას მიიღებს, რომ ბრიუსელს მისი იგნორირების შესაძლებლობა აღარ ექნება“. 

 

რუმინეთს მოლდოვას მისაერთებლად ფული არ აქვს

 

რუმინეთს არ აქვს ფინანსური რესურსები, რაც მოლდოვას მიერთებას დაჭირდება. თავის დროზე გერმანიას ჰქონდა, რუმინეთი კი გერმანიაზე ბევრად ღარიბია. თავის მხრივ, მოლდოვა კიდევ უფრო მეტად ღარიბ ქვეყანას წარმოადგენს. გარდა ამისა, კიშინიოვს მძიმე ტვირთად ადევს დნესტრისპირეთი, რომელიც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონია და მას კიშინიოვი ვერ აკონტროლებს. მოლდოვას პრობლემა აქვს გაგაუზიის ავტონომიასთანაც, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი მოსახლეობაც პრორუსულად არის განწყობილი. საინტერესო ფაქტია, რომ 1994 წელს მოლდოვას პარლამენტის მიერ მიღებული კანონის „გაგაუზიის სტატუსის თაობაზე“ თანახმად, თუ მოლდოვას დამოუკიდებლობა გაუქმდება (ვთქვათ, რუმინეთთან გაერთიანებით), გაგაუზიას უფლება აქვს დამოუკიდებლობა გამოაცხადოს.

 

თუმცა დღეს დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას რუსეთის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ – კრემლის  შესაძლებლობები შეზღუდულია. გარდა ამისა, მოლდოვა აღარ არის დამოკიდებული ეკონომიკურად რუსეთზე, რადგან მისი პროდუქციის 70% ევროკავშირში (რუმინეთში) იგზავნება. რაც შეეხება კონკრეტულად გაგაუზიის პერსპექტივას: თუ მოლდოვა რუმინეთს შეუეერთდება (რუმინეთთან გაერთიანდება),  გაგაუზიის მოსახლეობა – 100 ათასი მცხოვრები – ანკლავში აღმოჩნდება, ანუ მის ირგვლივ ევროკავშირი იქნება და ასეთ პირობებში დამოუკიდებლობის გამოცხადება ნაკლებად მიმზიდველია.

 

„დიდი რუმინეთი“ და „დიდი ალბანეთი“

  

მოლდოვა – როგორც სახელმწიფო – გაქრობისთვის ერთადერთი კანდიდატი არ არის. ალბანეთისა და კოსოვოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთნიკური ალბანელებია და ისინი ასევე მხარს უჭერენ გაერთიანებას. ალბინ კურტი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, მომხრეა, რომ ორი მონათესავე სახელმწიფო ერთმანეთს შეერწყას, მაგრამ ენდი რამა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, გაერთიანების წინააღმდეგია. მისი თქმით, სიტუაცია ნათელი მაშინ გახდება, როცა ორივე ქვეყანა – ალბანეთიც და კოსოვოც – ევროკავშირის წევრები გახდებიან. საყურადღებოა, რომ ორ ლიდერს ერთმანეთთან საკმაოდ არამეგობრული დამოკიდებულება აქვთ და შესაბამისად, მათი უთანხმოება მოსახლეობაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვასა და რუმინეთის გაერთიანების სცენარი ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, არ უნდა გამოირიცხოს, რომ ათიოდე წლის წლის შემდეგ მოლდოვას რესპუბლიკა „დიდი რუმინეთის“ ნაწილი გახდება და ამ გზით მოლდოველები მიზანს შეისრულებენ – ევროკავშირში იცხოვრებენ, თუმცა „დიდი ალბანეთის“ იდეის რეალიზება შედარებით რთული იქნება.

 

წყარო: