იმ ყურძნის წილი, რომელიც სათანადო კონდიციაში არ არის მიყვანილი, უნდა შევამცირებინოთ. უნდა დავაჯეროთ მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი".

მან ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მევენახემ შედარებით მცირე რაოდენობის, მაგრამ ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს.

„ჩვენ ყველას ერთი პასუხისმგებლობა გვაქვს. რაღაც კარგია, რაღაც - ცუდი, სულ ყველაფერი იდეალურად რომ იყოს, აქ შეკრებილები არ ვიქნებოდით! ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ იმ მევენახესთან, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს - მარტოა დარჩენილი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გვაკეთოთ. სახელმწიფომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს; იმ ადამიანებს, ვისაც თავისი მაგალითით გავლენა გვაქვს ადგილზე, მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ ის ყურძენი, რომელიც თქვენც კარგად იცით, არ არის სათანადოდ მოვლილი და სათანადო კონდიციაში მიყვანილი, ეს წილი შევამცირებინოთ. დავაჯეროთ ის მევენახე, რომ ჯობია, მან შედარებით მცირე რაოდენობით მოიყვანოს მოსავალი, რადგან საბოლოო ჯამში, ფინანსურად უფრო მოგებული დარჩება. ეს ჩვენ ყველას ერთობლივი სამუშაო გვაქვს, ვისაც მართლაც ამ საკითხზე გული შეგვტკივა", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.