ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე დედაქალაქის  მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურა.

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ბრიფინგზე ზურაბ აბაშიძემ დედაქალაქში კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით  გაკეთებულ სიუჟეტზე, მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით უზრუნველყოფილ კიდევ 218 ოჯახს ბინების გადაცემა მიულოცა.

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის მერია და საკრებულო, მზად არიან იმუშაონ სხვადასხვა უწყებასთან ერთად, კონკრეტული გეგმების შესამუშავებლად და ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, რომლებიც დედაქალაქში კიდევ უფრო დაცულ და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.

 

„თბილისის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მიმდინარე მშენებლობების პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ინსპექცია აგრძელებს სისტემურ მონიტორინგს, იმისთვის, რომ დედაქალაქში დაცული იყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თავად სამშენებლო ობიექტების მფლობელებმაც გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა და მშენებლობის პროცესი სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით წარმართონ“, – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უმსგავსო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება.

 

‘პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც მიზნად საზოგადოებაში იმ ტრაგედიის განცდის გაღვივებას ისახავს, რომელიც ჩვენს ქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ეს უმსგავსობაა და სხვა არაფერი. ვფიქრობ, საზოგადოება, ნათლად ხედავს რა არის სიმართლე, რა ტყუილი და პასუხს თავად გასცემს ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.