“ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება” -პეტრე ცისკარიშვილი

“რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ ვიდრე რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება,”-აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პეტრე ცისკარიშვილი

მისი თქმით, ელჩებთან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საფუძვლიანად ისაუბრეს.

„კრემლმა უკან დაიხია და გარკვეული წარმატება უკვე მიღწეულია. აუცილებელია ეს პროტესტი გაგრძელდეს, რადგან ასობით ახალგაზრდა, ევროპული ღირებულებებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ადამიანი არის ნაცემი, დაკავებული, ჯერ კიდევ საპყრობილეში გამოკეტილი და ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა დასასჯელი. ელჩებთან მიხეილ სააკაშვილზე ამ ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პატიმარზე ძალიან საფუძვლიანად ვისაუბრეთ, რადგან ასე გაგრძელება არ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ, აუცილებლად უნდა იყოს გათავისუფლებული და მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანილი.

ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ჩვენი კოლეგები, მეგობრები ევროპიდან აღფრთოვანებულები არიან ქართველი ხალხის ბრძოლით, რომლებმაც უკან წააღებინეს „ქართულ ოცნებას“ ეს კანონი. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს იურიდიულად გავაფორმოთ. მათ ბევრჯერ მოგვატყუეს, ამიტომ აუცილებელია, რომ ეს გაფორმდეს იურიდიულად კენჭისყრით.

ეს არის ერთი გამარჯვება – ოპოზიციამ, ქართველმა ხალხმა ევროპული გზიდან არ გადაახვევინა ქუჩით, პარლამენტში ბრძოლით, პატარა აქციებით, დიდი აქციებით. ახლა რუსული კანონი უკან წაიღეს, მაგრამ რუსული მთავრობა კანცელარიაში და პარლამენტში ზის, ამიტომ სანამ რუსულ მთავრობას არ ჩამოვიცილებთ, მანამდე ბრძოლა გრძელდება, სანამ საბოლოო მიზანს – კრემლიდან მართულ ადმინისტრაციას არ გავუშვებთ სახლებში“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ნორვეგიის, დანიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდნენ.