“უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს”- პაატა მანჯგალაძე

მიხეილ სააკაშვილის საკითხს უნდა შევხედოთ ჰუმანიტარული მიზნებიდან – ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური საკითხი არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უნდა შეიცვალოს ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„21-ე საუკუნეში არცერთ ქვეყანაში პრეზიდენტს არ კლავენ იმის გამო, რომ ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო სერვისს. ეს საკითხი არ არის მარტივი საკითხი და უკავშირდება ჩვენს მომავალს, რომ საქართველო შედგეს როგორც სახელმწიფო. დავასრულებთ იმ მძიმე ტრადიციათა ციკლს, რაც დაკავშირებულია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან. უნდა დავასრულოთ ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება კლავს ან იჭერს წინა ხელისუფლებას. „ქართული ოცნებისთვისაც“ სჯობს, რომ როდესაც შემდეგი ხელისუფლება მოვა, არ მოექცნენ ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან. პრეზიდენტს აქვს ბერკეტი, რომ საქმეებზე, რაზეც უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება, შეიწყალოს, ხოლო მიმდინარე საქმეებზე, მისი კომპეტენცია შემცირებულია, მაგრამ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და სააკაშვილს შეუცვალოს აღკვეთის ღონისძიება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.