“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომიწყოს აუდიენცია”- შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, საქართველოს პრეზიდენტთან  შეხვედრას ითხოვს.

ადვოკატმა  პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში წერილი დატოვა.

ადვოკატი ითხოვს პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც დეტალურად გააცნობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

ადვოკატის  განცხადებით ყოფილი პრეზიდენტი შეწყალებას არ ითხოვს და ათონელის რეზიდენციაშიც სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე მივიდა.

“მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ მომიწყოს აუდიენცია და ამ შეხვედრის დროს მე მას გავაცნობ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქმის გარემოებას, მისი ჯანმრთელობა უკიდურესად მძიმეა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია – ამაზე იყო განცხადებაში საუბარი. შეწყალებასთან დაკავშირებით არ მივმართავთ.

მას აქვს უამრავი ბერკეტი, აქვს კავშირი ხელისუფლებასთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, შეუძლია შეხვდეს, ესაუბროს მათ. ეს შეხვედრა არც სააკაშვილთან არ არის შეთანხმებული იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაცვის მხარემ რაიმე სტრატეგია, ტაქტიკა ან პოზიციები შეუთანხმოს,” – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.

სხდომა 26 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პენიტენციური დეპარტამენტიდან ოქმის იყო წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სხდომა გადადო.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.