თურქეთის საელჩომ ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა

თურქეთის საელჩომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.

თურქეთის ელჩი, ალი კაან ორბაი, იუნუს ემრეს ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ესტუმრა  და საჩუქრად თურქულ ენაზე დაწერილი წიგნები გადასცა.

როგორც თურქეთის ელჩმა, ალი კაან ორბაიმ “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში განაცხადა, დგება იმის აუცილებლობა, რომ საქართველოში გაიზარდოს თურქული ლიტერატურის რაოდენობა, რათა მსურველებმა თურქულ ენაზე წაიკითხონ თურქული წიგნები.

„საქართველოში დიდია თურქული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი და ამისათვის თურქეთის საელჩოში  და  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში თბილისში, მოქმედებს თურქული ენის შემსწავლელი კურსები“- განაცხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალი კაან ორბაიმ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის წიგნების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე.

“ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი ძვირფასი საჩუქრის მიღება და იმედი გვაქვს ჩვენს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

თურქეთის ელჩმა   ბიბლიოთეკაში წიგნებისათვის გამოყოფილი თურქული კუთხე  დაათვალიერა, ელჩის განცხადებით,  ასეთი სახის ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.