“რატომ ინგლისურად? რა კალაძემ ქართული არ იცის? ვისთვის არის ეს პლაკატი განსაზღვრული?” – გია გაბრიჭიძე

თბილისის მერიასთან გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებიც მერის, კახა კალაძის გადადგომას ითხოვდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი გია გაბრიჭიძე.

გაბრიჭიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია „მორალური პასუხისმგებლობის“ მოთხოვნა იმ ადამიანებისაგან, რომელთაც მსგავსი პასუხისმგებლობა არასოდეს განუცდიათ და აუღიათ.

„დღეს მერიასთან გაიმართა აქცია, რომლის მთავარი მესიჯი იყო, რომ მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე.

ძალიან კარგად მესმის ის ემოცია, რაც იქ შეკრებილ ახალგაზრდებს ამოძრავებთ, მაგრამ ვერაფრით გავიზიარებ ე.წ. ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული ტელევიზიების მიერ ამ ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

ვერაფრით ვერ დავეთანხმები „მორალური პასუხისმგებლობის“ აღების მოთხოვნას იმ ხალხისგან, რომლებსაც არამც თუ ოდესმე აუღიათ მსგავსი პასუხისმგებლობა, არამედ საერთოდ მორალი არ გააჩნიათ. ეს იგივეა, რომ სს-ის შტურმან ფიურერ აიხმანს მოეთხოვა მორალური პასუხისმგებლობის აღება რომელიმე ექიმისგან.

ვერაფრით გავიზიარებ იმ დაუფარავ აღტაცებას, რითაც ე.წ. კრიტიკული მედიის წარმომადგენლები საუბრობდნენ ამ უბედურებაზე,“- წერს ანალიტიკოსი და ყურადღებას საპროტესტო აქციაზე წარმოდგენილ პლაკატებზე ინგლისურენოვან წარწერებზე ამახვილებს. „

სრულიად გაუგებარია (უფრო სწორად რომ ვთქვა აბსოლუტურად გასაგებია) კალაძის გადადგომის მოთხოვნის პლაკატზე ინგლისურ-ენოვანი წარწერა. რატომ ინგლისურად? რა კალაძემ ქართული არ იცის? ვისთვის არის ეს პლაკატი განსაზღვრული? ჩემთვის, ჩემი მსგავსი მოქალაქეებისთვის, თუ ვინმე სხვისთვის?

აქცია სრულად გასაგები იქნებოდა, რომ ყოფილიყო სატენდერო სისტემის ძირეული შეცვლა და დახვეწა. იმ სისტემის რომელიც თუ არ ვცდები 2010 წელს იქნა მიღებული. სწორედ ამიტომ არ მჯერა ამ აქციის, რომელზედაც უაზრო აჩემებით ხდება კალაძესთან დაპირისპირება და რომელიც ყალბად ემოციური ლოზუნგებით არის შეფუთული – შენი ქალაქი კლავს. უკაცრავად და ვისი ქალაქი? ე.ი. ეს ქალაქი თქვენი არ არის?“- წერს გაბრიჭიძე.

მისი თქმით, ყურადღებას იმსახურებს ტრაგედიასთან ცალკეული ოპოზიციონერების დამოკიდებულებაც.

„რაც შეეხება ე.წ. ოპოების დამოკიდებულებას ამ ტრაგედიასთან, ნათლად გამოჩნდა ერთ-ერთი ბავშვის ნათესავის კოტე ზარნაძის განცხადებაში, რომლიდან ამონარიდებსაც გთავაზობთ – “ერთადერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც მოვიდა, იყო ჩვენთან ერთად ღამეც, დღეც, მუდმივად კონტაქტზე იყო და ცდილობდა, რამეში დაგვხმარებოდა, ეს იყო სოფო ჯაფარიძე. ეს ადამიანი მე იქ გავიცანი, დანარჩენები რასაც ვუყურებდი ტელევიზიით, რაღაც თავიანთ პოლიტიკურ დღის წესრიგს ადგენდნენ, როგორ დაერტყათ, რა მოეგონებინათ, გამოძიებისთვის როგორ დაესწროთ და თავიანთი ვერსიებით როგორ გადაეფარათ. ეს ერთადერთი გოგო იყო ოპოზიციიდან, რომელიც მოვიდა, ხმა არ ამოუღია პოლიტიკურ დღის წესრიგზე, არაფერზე… ერთადერთი, რასაც გვეკითხებოდა და ინფორმაცია აინტერესებდა, ეს იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.”

ხომ არ შეიძლება, რომ მუდმივად ჩაკეტილ წრეზე გვატრიალოს ამ ხალხმა, რომლებსაც ისეთები აქვთ გაკეთებული რომ ეს შემთხვევა, ეტყობა, ჩვეულებრივი მოვლენაა. დიახ, ეს შემთხვევა მათთვის რომ „ჩვეულებრივი მოვლენაა“, სწორედ ამიტომ არ სჯერა არავის მათი გულწრფელობის და არც არასდროს დაიჯერებს,“- წერს გია გაბრიჭიძე.