“თუ მხარს დავუჭერდით ამ რეზოლუციას, ოპონენტები იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარება”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნება“ თუ მხარს დაუჭერდა რეზოლუციას, აუცილებლად იტყოდნენ, რომ „ოცნებას“ მოუწია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანას რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებისა და პოლიტპატიმრების არსებობის ალტერნატივებს შორის აყენებ, ამორალურია.„ჩვენ არ შეგვეძლო. ამის გარეშე და იმის გარეშე რეზოლუციის მხარდაჭერა არ შეიძლება და არ ხდება. ეს არ არის პრაქტიკა. მათ შორის, შემიძლია, გავიხსენო ის ყბადაღებული რეზოლუცია 2008 წელს. თუ ამის საშუალება იყო, თუ რასაც ჩემი ოპონენტები ამბობენ, რომ რაღაც პუნქტს შეგიძლია არ დაუჭირო მხარი და ამის გარეშე უჭერენ მხარს, მაშინ ისინი სამარეს ითხრიან, ანუ მათივე ლოგიკით, მათ შეეძლოთ, მხარი არ დაეჭირათ იმისათვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს და სადაც ოკუპაცია იყო ნახსენები, რაც რუსეთის საწინააღმდეგო იყო მაშინდელ რეზოლუციაში, იმისთვის დაეჭირათ, მაშინ ეს რატომ არ გააკეთეს. საკუთარი ქვეყნის ღალატი რომ ჩაიდინეს და რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, სადაც ეწერა, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი, აი, ამ დროს რატომ არ გააკეთეს. ანუ ეს ტყუილია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპონენტებმა სცადეს ორი კურდღლის დაჭერა.

„ერთი მიმართულება იყო, რომ თუ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერდა ამ რეზოლუციას, ისინი აუცილებლად იტყოდნენ, რომ „ოცნებას“ მოუწია მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარება. ვისზეა საუბარი, პოლიტპატიმრობის სისტემის შემქმნელ ადამიანზე, რომელიც ვითომდა მხარდაჭერის შემთხვევაში, „ოცნებამ“ აღიარა პოლიტპატიმრად. თუ არ დავუჭერდით, იტყოდნენ იმას, რასაც ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჭირა მხარი რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციას, მაშინ, როდესაც 400-მდე რეზოლუციას და დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი წინა პერიოდში და მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთები, რომლებშიც საუბარია ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვაზე რუსეთის წინააღმდეგ. ამას დავუჭირეთ მხარი. ძალიან სიმბოლურია, რომ იმავე დღეს, როდესაც ეს რეზოლუცია გადიოდა და გააპარეს სააკაშვილზე შესწორება, დასაცინ ფორმატში რომ გახადეს ვიღაცებმა, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხებზე და არაღიარებაზე რომ მიდის იქ საუბარი, იმავე დღეს რუანდაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში გავიდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. ეს არის რეალობა და ის, რასაც ბრძანებთ, არის სახელმწიფოს მიმართ მიმართული სპეკულაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც არის საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია:

„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი (მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის მოქალაქე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი)“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია 13 ოქტომბერს დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად არის გამოცხადებული. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან.